აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2020

უორენი აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის ნომინაციისათვის ბრძოლას გამოეთიშა

Boston Globe

დემოკრატიული პარტიის სენატორი ელიზაბეტ უორენი 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიული პარტიის ნომინაციისთვის ბრძოლას გამოეთიშა მას შემდეგ. 

მასაჩუსეტსის შტატის სენატორმა, გადაწყვეტილება საკუთარ სახლთან, პრესკონფერენციაზე გამოაცხადა. 

"მე ვასრულებ კამპანიას. მე ამას ვამბობ ძალიან ღრმა მადლიერების გრძნობით ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც ამ ბრძოლაში ჩაერთო, თითოეული იმ ადამიანისადმი, ვინც ახალი იდეა გამოსცადა, თითოეული იმ ადამიანისთვის, ვინც ცოტათი მაინც დაფიქრდა იმაზე, როგორი უნდა იყოს შეერთებული შტატების პრეზიდენტი,"- თქვა უორენმა. 

რაც შეეხება იმას, თუ რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს, უორენმა თქვა, რომ ამისთვის დრო სჭირდება. 

"ცოტა დრო მინდა, რომ ამაზე უფრო მეტად ვიფიქრო,"- თქვა უორენმა. 

ნიუ-იორკის ყოფილი მერის, მაიკ ბლუმბერგის, შემდეგ სენატორი უორენი მეორეა, ვინც კამპანიას სუპერ სამშაბათის შედეგების შემდეგ გამოეთიშა, სადაც საკუთარ შტატში ის მხოლოდ მესამე ადგილზე გავიდა ხმების 21%-ით. 

14 შტატში გამართული პრაიმერიდან რვაში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. ბაიდენმა მოიგო მასაჩუსეტსის, მინესოტას, ოკლაჰომას, არკანზასის, ალაბამას, ტენესის, ჩრდილოეთ კაროლინას, ვირჯინიის და ტეხასის შტატებში. 

ამ დრომდე ჩატარებული ყველა პრაიმერის მიხედვით, სულ 1 297 დელეგატი გადანაწილდა. დემოკრატიული პარტიის ნომინაციისათვის კანდიდატებს 1 991 დელეგატი სჭირდებათ. დღეის მონაცემებით, ბაიდენს 601 დელეგატი ჰყავს, სანდერსს 535, უორენს კი - 68.

სუპერ სამშაბათამდე კანდიდატურა მოსხნეს მინესოტას სენატორმა ემი კლობუშარმა და საუს ბენდის ყოფილმა მერმა პიტ ბუტიჯეჯმა. მათ მხარი ჯო ბაიდენს დაუჭირეს. ბაიდენმა თქვა, რომ მინესოტაში მისი გამარჯვება კლობუშარის მხარდაჭერის დამსახურებაა. გამოკითხვებით მოსალოდნელი იყო, რომ ამ შტატში სანდერსს გაემარჯვა.

კომენტარები