როგორ უნდა იმუშაონ ჟურნალისტებმა კორონავირუსის საკითხის გაშუქებისას - NCDC-ის რეკომენდაცები

რადიო თავისუფლება/მზია საგანელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს რეკომენდაციებს ჟურნალისტებისთვის, რომლებიც კორონავირუსის საკითხებს აშუქებენ და მუშაობა ინფექციურ საავადმყოფოსთან უწევთ, ასევე აქვთ შესაძლო ინფიცირებული ადამიანების ჩაწერის მცდელობები.

NCDC-ის წარმოამდგენელმა, ხათუნა ხაზაშვილმა ჟურნალისტებს მიმართა:

"უნდა დაიცვათ წესები იმისთვის, რომ თქვენ დარჩეთ ჯანმრთელად.

  • ძალიან გთხოვთ, როცა ცდილობთ, აიღოთ ინტერვიუ ნებისმიერი ადამიანისგან, ვისაც აქვს მაღალი რისკის დაზარალების ქვეყნებიდან მოგზაურობის ისტორია, ჩათვალეთ, რომ ყველა მათგანი შესაძლო შემთხვევაა და დაიცავით წესები.
  • მოერიდეთ ახლო კონტაქტს ნიღბის გარეშე. კარგია, თუ ნიღაბი ეკეთება თქვენს რესპონდენტსაც, შეგიძლიათ, გაიკეთოთ თქვენც, ასე უფრო მეტად დაცულები იქნებით.
  • ინტერვიუ აიღეთ მიკროფონის დამჭერი გრძელი ჯოხით, ნუ დადგებით რესპონდენტთან ახლოს.
  • ინტერვიუს შემდეგ მიკროფონები უნდა გაიწმინდოს.
  • მოერიდეთ ღრუბლიანი მიკროფონებით ასეთი ადამიანების ჩაწერას. როგორც გინდათ, ისე მოაწესრიგეთ ეს საკითხი, ჩემზე კარგად თქვენ იცით.
  • შეინარჩუნეთ უსაფრთხო დისტანცია, დადექით ასეთი ადამიანებისთთან 1 - 1,5 მეტრის მოშორებით, ასეთ მანძილზე მათ მიერ გამოტყორცნილი წვეთები თქვენამდე ვერ მოღწევს.
  • საერთოდ მოერიდეთ ინტერვიუს ადამიანებთან, რომელიც ახველებს, აცემინებს. ამ სახით ხდება ყველა ვირუსის გადადება და თქვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ვირუსი დაგაზიანებთ, ავადობა არის ავადობა.
  • მუშაობის დასრულების შემდეგ აუცილებელია აპარატურის გაწმენდა. დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს ყველა იმ ნივთს, რომელიც ხშირად გამოიყენება, რასაც ყველაზე ხშირად ეხებით ხელებით.
  • დაიცავით რესპირაციული ჰიგიენის ზოგადი წესი, ხშირად დაიბანეთ ხელები. დაუშვებელია, დაუბანელი ხელებით შეეხოთ თვალებს, ხელს და პირს.

თუ ამ წესებს დაიცავთ, ვიმედოვნებთ, რომ ყველანი ჯანმრთელები ვიქნებით და ჩვენი ჟურნალისტები არ გახდებიან პირველი ჟურნალისტები, რომლებიც თავიანთი საქმიანობის შესრულებისას დაინფიცირდნენ კორონავირუსით",- თქვა ხაზაშვილმა.

დღეს, 5 მარტს საქართველოში კორონავირუსის მე-4 შემთხვევა გამოვლინდა. NCDC-ის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, ინფიცირებული იტალიიდან კვირას, 1-ლ მარტს ჩამოფრინდა და 4 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მას მაღალი სამოქალაქო თვითშეგნებითვის მადლობა გადაუხადა.

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 25 პაციენტი რჩება, 11 პირს კორონავირუსზე ტესტი დღეს ჩაუტარდება.

რაც შეეხება ვითარებას საქართველოს საგლებს გარეთ - NCDC-ის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევა 84 ქვეყანაში გამოვლინდა. ინფიცირებულია 95 ათასზე მეტი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 53 ათასზე მეტი ადამიანი, დაიღუპა 3 285.

95 ათასიდან 80 409 დადასტურებული შემთხვევა არის ჩინეთში, თუმცა, ბოლო კვირების განმავლობაში ჩინეთში კლების დინამიკაა.

ჩინეთს გარეთ ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა სამხრეთ კორეაში - 5766; შემდეგ იტალიაში - 3089 შემთხვევა, ირანში - 2 922 შემთხვევა; იაპონია - 331; საყურადღებოა ზრდა გერმანიაში - 262 შემთხვევა საფრანგეშტში - 285, აშშ - 151;

ჩინეთს გარეთ ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა არის იტალიაში - 107 შემთხვევა, შემდეგ ირანი - 92; შემდეგ სამხრეთ კორეა - 35.

კომენტარები