ისრაელი

ისრაელის არჩევნების ხმების 99% დათვლილია, ნეთანიაჰუ უმრავლესობის მოპოვებას ვერ ახერხებს

ბენიამინ ნეთანიაჰუ
Reuters

ისრაელში 2 მარტს გამართულ საპარლამენტო არევნებში მიცემული ხმების 99% დათვლილია. ამჟამად არსებული შედეგებით ნეთანიაჰუს პარტია ქნესეთში 35 ადგილს მიიღებდა და არა 36-ს როგორც ამას ეგზიტპოლები აჩვენებდა. საბოლოო ჯამში კი მისი მოკავშირე პარტიები, მემარჯვენე ბლოკი, 58 ადგილს მოიპოვებს, უმრავლესობისთვის კი 61 ადგილია საჭირო.

ნეთანიაჰუს მთავარი ოპონენტი, ბენი განცი და მისი პარტია "ლურჯი და თეთრი", ისევე როგორც წინა არჩევნებზე, 33 ადგილს მიიღებენ.

შესაძლოა ამ შედეგებმა ისრაელში პოლიტიკური პროცესები კვლავ ჩიხში შეიყვანოს და კიდევ ერთი არჩევნების დანიშვნა გახდეს საჭირო.

ისრაელის მედია წერს, რომ შესაძლოა განცის პარტიამ საკანონმდებლო ინიციატივა წამოაყენოს, რომელიც პრემიერ მინისტრს, რომლის წინააღმდეგაც ბრალია წაყენებული მთავრობის ფორმირების უფლებას არ მისცემს. არაბული პარტიების ალიანსი, რომელმაც ქნესეთში 15 ადგილი მოიპოვა, ადასტურებს, რომ განცის პარტიასთან თანამშრომლობენ.

ნეთანიაჰუს კოალიციის პარტნიორები ინიციატივას რადიკალურს და არა-დემოკრატიულს უწოდებენ.

ეს ისრაელში გამართული მესამე საპარლამენტო არჩევნები იყო მას შემდეგ, რაც გასული წლის აპრილსა და სექტემბერში ჩატარებულ არჩევნებში საკმარისი მხარდაჭერის მოპოვება და სამთავრობო კოალიციის შექმნა ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო.

17 მარტს ნეთანიაჰუ იერუსალიმის სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს. ოპონენტები მას გადადგომისაკენ მოუწოდებენ, თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას სასამართლო დამნაშავედ ცნობს, ის ვალდებული არაა თანამდებობა დატოვოს და შეეძლება გადაწყვეტილება ყველა ინსტანციაში გაასაჩივროს.

ისრაელის გენერალურმა პროკურორმა 2019 წლის 21 ნოემბერს პრემიერმინისტრ ბენიამინ ნათანიაჰუს სამ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ საქმეზე ოფიციალურად წარუდგინა ბრალი. საქმეები ქრთამის აღებას, თაღლითობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ეხება. 

მიუხედავად კოალიციის ფორმირების უშედეგო მცდელობებისა და მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებებისა, ნეთანიაჰუმ გასული წლის დეკემბერში ლიკუდის პარტიის ლიდერობისთვის არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა.

სექტემბერში გამართულ არჩევნებში ბენი განცის პარტიამ "ლურჯი და თეთრი" ერთით მეტი ადგილი მოიპოვა, ვიდრე ლიკუდმა. სექტემბერში პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა მთავრობის ფორმირების მანდატი ნეთანიაჰუს გადასცა. მას შემდეგ, რაც კოალიციის შესაქმნელად მისი მცდელობები და განცთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა მანდატი ბენი განცს გადაეცა, თუმცა ვერც მან შეძლო საკმარისი მხარდაჭერის მოპოვება პარლამენტში.

განმეორებითი არჩევნები ნეთანიაჰუმ მას შემდეგ დანიშნა, რაც აპრილში გამართული არჩევნების შემდეგ სამთავრობო კოალიციის შექმნა ვერ შეძლო.

კომენტარები