საარჩევნო სისტემა

კაპანაძე კალაძეს: შეთანხმებისთვის დიდი მხარდაჭერის მქონე პარტიების თანხმობა გჭირდებათ

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი სერგი კაპანაძე ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის, განცხადებას ეხმაურება, რომელმაც "პატარა პარტიებს" მოუწდა და უთხრა, რომ მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული მოდელი მათთვის შესაძლებლობაა, მოხვდნენ პარლამენტში. 

კაპანაძე წერს, რომ "ამაზე იაფი სვლა ძნელად" წარმოსადგენია, თუმცა ქართული ოცნების ლიდერები, დეპუტატისვე თქმით, სამ მნიშვნელოვან რამეს ვერ ხვდებიან. 

"1. თუ გინდათ, რომ შეთანხმება შედგეს, დიდი პარტიები უნდა დაგეთანხმონ, ვისაც მოსახლეობის დიდი ნაწილი (თქვენს მხარდამჭერებზე მეტიც კი), უჭერს მხარს. 

2. პატარა პარტიებმა კიდეც რომ დაგიჭირონ მხარი, პარლამენტში ხმები მათ არ აქვთ. 

3. კიდეც რომ დაგიჭირონ მხარი, ეგ პატარა პარტიები მაინც საერთო ოპოზიციურ ბრძოლაში არიან ჩვენთან ერთად და პოლიტიკურ დევნილებზეც საერთო პოზიცია გვაქვს და იმაზეც, რომ თქვენ სახლში უნდა წახვიდეთ არჩევნების გზით,"- წერს სერგი კაპანაძე. 

ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დღეს "პატარა პარტიებს" აუხსნა, რომ მათთვის ქართული ოცნების მიერ შეთავაზებული მოდელი "რეალური შესაძლებლობაა, მოხვდნენ პარლამენტში". კალაძეს თქმითვე, ქართულმა ოცნებამ დღეს საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების განცხადებები მოისმინა, "მათ მზაობასთან დაკავშირებით, რომ ამ სისტემას მხარი დაუჭირონ". თბილისის მერი "დარწმუნებულია", რომ "გარკვეული შეთანხმება აუცილებლად მოხდება".

იმ ოპოზიციური საპარლამენტო პარტიებისთვის, ევროპული საქართველოსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის, რომლებიც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებულ მოლაპარაკებებში მონაწილეობენ ხელისუფლებასთან, ქართული ოცნების მიერ წარდგენილი ბოლო მოდელი მიუღებელია. 

ევროპული საქართველოსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გარდა ერთადერთი ოპოზიციური პარტია პარლამენტში პატრიოტთა ალიანსია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ქართული ოცნების კვოტით არ შესულა. პატრიოტთა ალიანსი კი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს. 

რაც შეეხებათ საპარლამენტო ფრაქციებს, მაგალითად, 6 წევრისგან შემდგარმა "დამოუკიდებელი დეპუტატების" ფრაქციამ განაცხადა, რომ ისინი 100/50-ზე განაწილების პრინციპს მხარს დაუჭერენ იმ შემთხვევაში, თუ 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. 

მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა ფრაქციის "პატრიოტთა ალიანსი - სოციალ-დემოკრატები" დეპუტატმა, გია ჟორჟოლიანმაც. 

რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სხვა დამოუკიდებელი დეპუტატები, ამ ეტაპზე უცნობია. 

ხელისუფლების ბოლო ინიციატივის თანახმად, მათ შეიმუშავეს ისეთი მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი, რომელიც მათივე განმარტებით, ნებისმიერი პარტიისთვის, რომელსაც 40% ან ამაზე ნაკლები მხარდაჭერა ექნება, პრაქტიკულ და თეორიულ შანსს სპობს იმისათვის, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება შეძლოს. ქართულ ოცნებაში ასევე ამბობენ, რომ მაჟორიტარული ოლქების მინიმალური რაოდენობა, რომელზეც შესაძლოა, დათანხმდნენ, 40 მაჟორიტარია. 

იმ ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც დიპლომატიური კორპუსის ორგანიზებით გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობენ, ქართული ოცნების ეს მოდელი მიუღებელია, რადგან მათ არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა სურთ. 

ოპოზიციური პარტიები 40%-იან პრინციპზე საუბრობენ, რაც იმას გულისხმობს, რომ მთავრობის დამოუკიდებლად შესაქმნელად პოლიტიკურ ძალას უნდა სჭირდებოდეს როგორც საერთო ხმების 40%-ზე არსებითად მეტის მიღება, ისე თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ამ პრინციპთან მანდატების, დაახლოებით, 130/20-ზე განაწილებაა თანხვედრაში. შეთანხმების მისაღწევად ოპოზიციის მეორე მოთხოვნა პოლიტიკური დევნის შეწყვეტაა.

კომენტარები