კორონავირუსი

ჰასან როუჰანი: კორონავირუსი ირანის თითქმის ყველა პროვინციაში გავრცელდა

ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი
Reuters

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ 4 მარტს განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსი ირანის  თითქმის ყველა პროვინციაში გავრცელდა.

"ეს ფართოდ გავრცელებული დაავადებაა... [დაავადებამ] ჩვენ თითქმის ყველა პროვინციას მიაღწია და ეს გლობალური დაავადებაა," - ვკითხულობთ ირანის პრეზიდენტის განცხადებაში.

მისივე თქმით, ირანი ექიმებისა და ექთნების ძალისხმევით ამ დაავადების გავრცელებას უმოკლეს პერიოდში ისე გაართმევს თავს, რომ მინიმალური რაოდენობის ადამიანი დაიღუპება. 

როუჰანიმ ირიბად აშშ-ის მიერ ირანისთვის შემოთავაზებულ დახმარებასაც უპასუხა - "ისინი შენიღბული თანაგრძნობით გამოჩნდნენ, რომ მათაც უნდათ ირანელი ხალხის დახმარება. თუ ნამდვილად მართალს ამბობთ, მაშინ წამლებზე სანქციები მოხსენით".

ირანს სანქციები ხელახლა მას შემდეგ დაუწესა, რაც დონალდ ტრამპმა ქვეყანა 2015 წლის ბირთვული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და აშშ შეთანხმებიდან გაიყვანა. აშშ-ს ნათქვამი აქვს, რომ ირანის სანქციები წამლებს არ ეხებოდა. რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარება შესთავაზა

ირანში კორონავირუსით 2 922 ადამიანია დაავადებული. დაღუპულია 92. 

ირანში კორონავირუსით არაერთი მაღალი რანგის პირი დაავადდა. 1-ელ მარტს ვირუსს ერთი ირანელი დეპუტატი ემსხვერპლა. 2 მარტს ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველი კორონავირუსით გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გავრცელების გლობალური რისკი მაღალიდან ძალიან მაღალად დააკვალიფიცირა.

ამ დროისთვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 94 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 3 ათასზე მეტი ადამიანი.

დაავადებულთა უმრავლესობა, 80 ათასზე მეტი, კონტინენტური ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 82 ქვეყანაში და ტერიოტორიაზე დადასტურდა.

ჩინეთის გარეთ ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაშია. დაავადებულთაგან 51 ათას ადამიანზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები