კორონავირუსი

მეუფე ანტონი: დეზინფექციაზე უარს არ ვიტყვით, თუ ამის შესაძლებლობა არის

ტვ პირველი

წმიდა სინოდის წევრი, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი ტელეკომპანია პირველის ეთერში ამბობს, რომ ეკლესია დეზინფექციაზე უარს არ იტყვის. მისი თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებზე განსხვავებული პოზიცია მხოლოდ ზიარების წესზე აქვთ.

"დიდი სიამოვნებით, ძალიან კარგი იქნება, ნამდვილად ჩვენ ამაზე უარს არ ვიტყვით რა თქმა უნდა, თუკი ამის შესაძლებლობა არის. ჩვენ ახლა მთლად ისე არ ვართ, რომ აი... ის რაც ყოფით ცხოვრებაშია, ის პრევენციული ზომები აუცილებლად მისაღებია. ჩვენ [განსხვავებული აზრი] გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ზიარებაზე. ეკლესიას არ ახსოვს მისი ისტორიის მანძილზე რაიმე პრეცედენტი. ამაზე მეტი ყოფილა, შავი ჭირი, ქოლერა, რა არ ყოფილა... მაგრამ ერთი პრეცედენტიც არ ახსოვს ეკლესიას, რომ ზიარებიდან ვინმე დაშავდა ან ვინმე გარდაიცვალა", - თქვა მეუფე ანტონმა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ 29 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს. ეკლესია ამბობს, რომ კოვზით ზიარების ათასწლოვანი პრაქტიკის განმავლობაში სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა "ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს".

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა კი თქვა, რომ "ღვინო, რითიც ვეზიარებით, არის ანტისეპტიკი" და მრევლს მოუწოდა დილა-საღამოს სახლში ნაკურთხი წყალი ასხურონ და კორონავირუსი არ მიეკარებათ.

1 მარტს, საკვირაო ქადაგების დროს კათალიკოს პატრიარქმა ილიამ კი თავის "ხილვაზე" ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, იყო ნიშანი, რომ ადამიანი ჯვრის ძალით გაიმარჯვებს ამ სენზე. ილია მეორეს "ხილვის" მიხედვით, ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადაუფრინა ჰაერში, მერე მივიდა ბავშვი, დანერწყვა მიწა, აზილა თითით და წაისვა შუბლზე.

კომენტარები