ბლოგპოსტი

ლევან სუთიძე: კორონავირუსი, ზიარება და საქართველოს უპასუხისმგებლო პატრიარქი

დეკანოზი მამალაძე რომ ციხეში აზიარონ, შესაძლოა, ვინმემ ბარძიმი მოწამლოსო - ამას მეუბნებოდა ათობით ეპისკოპოსი და მღვდელი, რომელიც დღეს ამტკიცებს, რომ წმიდა ზიარება ანტისეპტიკია და ბარძიმ-ფეშხუმიდან მომავალი ღვთაებრივი ენერგიები ვირუსებს მილიარდობით დოლარის დანახარჯის გარეშე კლავენ.

მეტიც, პირველი ვერსია, რომელიც მამალაძის მიერ პატრიარქის და მაღალიერარქთა მოწამვლის გეგმის შესახებ ამავე სასულიერო პირთაგან მოვისმინე, იმავე მამალაძის მხრიდან ბარძიმის მოწამვლას უკავშირდებოდა. 

რატომღაც, მაშინ იერარქთა ამ ფანტაზიებში ქრისტეს სისხლსა და ხორცს არ ჰქონდა იმგვარი მაგიური ძალა, რომლის შეთითხვნითაც დღეს ეს უპასუხისმგებლო მწყემსები ერთი კოვზით ზიარების სამარცხვინო პრაქტიკას იცავენ და ათასობით თანამოქალაქის, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობას რისკავენ.

ჩვენ ასე გვწამს და თავი დაგვანებეთო, - იკითხება საპატრიარქოს განცხადებაში და არის მცდელობა, პრაქტიკის სიძველითა და ქრისტეს სისხლსა და ხორცხზე სპეკულირებით თავი დაიძვრინონ საღი აზრისგან, შედეგად კი, კიდევ ერთხელ გამიჯნონ ადამიანთა წარმოდგენაში რწმენა და გონიერება. გამიჯნონ ისე, როგორც ეს უკვე მოახერხეს ლიბერალთა ერთ ნაწილში. აი, ლიბერალების იმ მეტიჩარა ნაწილში, საპატრიარქოს თავსლაფდამსხმელ უპასუხისმგებლობას ხმა რომ აუწყვეს, აბა რა, ბნელებს სიბნელის რომ არ სწამდეთ, რაღა ბნელები იქნებოდნენო? 

ესენიც იმავე ფერხულში ჩადგნენ - დასავლური ცივილიზაციის რელიგიური კოდი ბოდვისგან ვერ განურჩევიათ და ამტკიცებენ, რომ რადგან ადგილობრივი იერარქია ძირითადად კომედიურ ჟანრში დასაქმდა, ხოლო თეოლოგია, ჰოი საოცრებავ და მეცნიერება არ არის, ქრისტიანობაც გონიერებასთან ოპოზიციაში უნდა იყოს ყველგან და ყოველთვის.

ესენიც და ისინიც ქრისტიანობას მტრობენ. ამას კიდევ რა უჭირს, მტრობენ ჯანმრთელობასაც. 

მტრობენ იმიტომ, რომ ყველას აქვს ცდუნება რადიკალურად გაამარტივოს ის, რაც სინამდვილეში რთულია. სირთულე კი ის არის, რომ ბარძიმში ქრისტეს სისხლი და ხორციც რომ იდოს, არ არსებობს არც ერთი საკრამენტოლოგიური გარანტია, რომელიც იტყოდა, რომ ის ვირუსებისგან და საწამლავებისგან დაგვიცავს. ასეთი გარანტია უბრალოდ არ არსებობს. ქრისტიანული შინაარსის ეს მახინჯი, ჯადოქრული ხედვა გვეუბნება, რომ ქრისტეს სისხლსა და ხორცს გააჩნია რაღაც გამოსხივება, რომელიც რაღაც რადიუსზე ვირუსებს კლავს, ხოლო რაღაც რადიუსზე ვერა. 

ცხადია, რწმენა სასწაულებს არ გამორიცხავს, იმ გაგებით, რომ ფიზიკისა და ქიმიის კანონები დაირღვეს, მაგრამ ქრისტიანობაში არ არსებობს ფიზიკისა და ქიმიის კანონების რღვევის საეკლესიო ინსტიტუტი, რომელიც ციკლურად და ავტომატურად დაარღვევდა ბუნების კანონებს. ეს კი, შემოიტანდა რა ღვთისმეტყველებაში მექანიკურობას, დაფლეთდა რწმენის საიდუმლოს ქრისტიანულ ბაირაღს, რომლშიც პიროვნების ნებასა და მიმღებლობას მაღალი ხარისხი აქვს მინიჭებული. მორწმუნის რწმენაში კი გონება არ უნდა დაიკარგოს - როცა გეუბნებიან, რომ საკრამენტის აღსრულებისას ფიზიკური დაავადებებისგან დაცული არ ხარ, შენი რისკიანი ნაბიჯი სათნოებად ვერ ჩაითვლება. ეს აღარ არის რწმენა და სათნოება, ეს ცრურწმენა და სიბრიყვეა. 

საპატრიარქოს შესანიშნავად მოეხსენება, რომ ევქარისტიის საიდუმლოს დროს, პური არ იცვლის პურის თვისებებს, არც ღვინო იცვლის ღვინის თვისებებს - საყველპურო საკრამენტოლოგიაზე რომ ვთქვათ, საიდუმლო არსში აღსრულდება და არა ფიზიკასა და ქიმიაში. პურს ისევ პურის აგებულება, გემო და სუნი აქვს. საინტერესოა, როცა სასწაული არ აღსრულდება ქიმიურად და ფიზიკურად, რატომ უნდა აღსრულდეს ის ვირუსოლოგიურად ან მიკრობიოლოგიურად? 

ერთი კოვზით ზიარების პრაქტიკა წარმოადგენდა პრობლემას კორონავირუსამდეც და წარმოადგენს ახლაც. არგუმენტაცია, რომელიც ამ სარისკო პრაქტიკას იცავს, დგას გონების სიზარმაცეზე. წარმოდგენილი არგუმენტები აყალბებენ ქრისტიანულ შინაარსს, აჰყავთ რა სწავლების ხარისხში გვიან ფორმირებული რიტუალი, შედეგად კი, წარმოადგენენ მთელ ქრისტიანობას სრულიად შეუფერებლად იმ ცივილიზაციისთვის, რომელიც მანვე შვა, იმ ცივილიზაციისთვის, სადაც ვირუსოლოგია საერთოდ გახდა შესაძლებელი - არ ეწინააღმდეგებოდა რა რწმენისა და მეცნიერების საქმეთა დისციპლინურ გამიჯვნას. 

ქრისტიანული რწმენა კი არ არის კოვზის სიწმიდის რწმენა, ის ღვთის სიწმიდის რწმენაა, ეს რწმენა კი არ მოიაზრებს მოკლე რადიუსზე მოქმედი ღვთაებრივი ენერგიების მეტავაქცინაციას. 

ქრისტიანობა სიგიჟე არ არის.

და თუ ეკლესიას სურს აწმყო დამწყემსოს, მან პირველ რიგში უნდა უერთგულოს არა წარსულს, არამედ იმას, ვინც მისივე რწმენით წარსულის, აწმყოსა და მომავლის მიღმა დგას.

მაგრამ ერთია ის, რას უნდა უერთგულოს ეკლესიამ, ხოლო მეორეა რა უნდა ქნას სახელმწიფომ. არც სახელმწიფო და არც სპეციალისტები არ არიან საკმარისად ხმამაღალნი ამ კონკრეტული რელიგიური პრობლემის მიმართ. პრობლემა კი დიდია და მეტ სიმკაცრეს მოითხოვს. სიმკაცრე ერთადერთი ენაა, რომელიც საპატრიარქოში ესმით. ერთადერთია, რასაც შეუძლია კათალიკოზ ილიას ხილვები მინიმუმამდე დაიყვანოს. მოგეხსენებათ, ეს ავტორიტეტული ცინიკოსი, გავრცელებული შეხედულების მიუხედავად პასიურად კი არ მავნებლობს, აქტიურად ბოროტმოქმედებს. 

ასე, მაგალითად - სანამ ხილვას ნახავდა, მისმა ადმინისტრაციამ განაცხადა: “ერთი კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის. ამ ხნის მანძილზე არაერთხელ ქონდა ადგილი სხვადასხვა სახის სიცოცხლისათვის საშიში ინფექციის გავრცელებას. ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს, რადგან, როგორც ყველამ ვიცით, წმინდა ზიარებისას ადამიანი იღებს ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს, – განმწმენდელსა და მაკურნებელს სულისა და ხორცისა”. 

ათასწლოვანი ისტორიის განმავლობაში ერთი კოვზით ან ერთი ბარძიმიდან ზიარება ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი საშუალება გახლდათ - მოგეხსენებათ, ვირუსები იქამდეც არსებობდნენ, სანამ მათ აღმოაჩენდნენ. მორწმუნეთა ზიარების გახშირება კი ეპიდემიას მხოლოდ უწყობდა ხელს. ისევე, როგორც სტომატოლოგები შეუწყობდნენ ხელს, ჩვენს პირში რომ არასტერილური ინსტრუმენტებით მუშაობდნენ.

კათალიკოზ ილიას შეუძლია სწრაფად დაამარცხოს ყველა ეჭვი მისი, რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად სუსტი რწმენის შესახებ და მაგალითი გვიჩვენოს: წავიდეს, აზიაროს კორონავირუსის მქონე პაციენტები და შემდეგ ეზიაროს იმავე კოვზით. 

გელოდებით.

კომენტარები