აშშ-საქართველო

კინზინგერი: ოპოზიციის მესიჯები არაფერ შუაშია, მთავრობას 4-ჯერ მეტჯერ ვხვდები

VOA

აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერს "ამერიკის ხმამ" ჰკითხა, რას ფიქრობდა ქართული ოცნების ცალკეული ლიდერების განცხადებებზე, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის კონგრესიდან ხელისუფლების კრიტიკა ოპოზიციის მიერ მიწოდებული არასწორი ინფორმაციის გამო ხდება. 

კინზინგერი ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს აქვს სრული უფლება, ესაუბროს ოპოზიციის წარმომადგენლებს საქართველოში ისევე, როგორც ყველა სხვა ქვეყნის შემთხვევაში, თუმცა ისინი გაცილებით მეტს ელაპარაკებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს, ვიდრე ოპოზიციის და რომ ოპოზიციის მიერ მიწოდებული გზავნილები კრიტიკასთან არაფერ შუაშია. 

"მე 4-ჯერ უფრო მეტჯერ ვხვდები მთავრობას და ვუსმენ მათ, უფრო მეტი მესმის მათგან, ვიდრე ოპოზიციისგან. საქმე არა ოპოზიციის მესიჯებში, არამედ ჩვენს შეშფოთებაშია," - ამბობს კინზინგერი. 

რესპუბლიკელი წარმომადგენლის თქმით, კრიტიკული წერილებით კონგრესმენები საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს ეუბნებიან, რომ ისინი მოვლენებს აკვირდებიან და თუკი საქართველოს აშშ-თან პარტნიორობა სურს, საჭიროა გარკვეული "პირობებისა და წესების" შესრულება. 

"ის, რომ ოპოზიცია ლობირებს, საერთოდ არაფერ შუაშია. ჩვენ აქედან ვაკვირდებით შიგნით მიმდინარე პროცესებს და ჩვენი პერსპექტივიდან ვაფასებთ მას და იკვეთება შემაშფოთებელი ვითარება,"- თქვა ადამ კინზინგერმა. 

იმავე ინტერვიუში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა თქვა, რომ "თუ ვინმე კონგრესის როლს ვერ აფასებს, ის ცდება".

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების ხელისუფლებამ დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებისა და პოლიტიკური დევნის გამო აშშ-ის კონგრესის მხრიდან არაერთი კრიტიკული წერილი მიიღო, მმართველი გუნდის ლიდერებმა კონგრესმენების ცუდად ინფორმირებულობაზე დაიწყეს საუბარი და ამბობდნენ, რომ მათ დეზინფორმაციას ოპოზიციური ლიდერები აწვდიან. 

ქართული ოცნების გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ამბობდა, რომ კონგრესმენების წერილებში "აშკარად იყო ფაქტობრივი არაზუსტი ინფორმაციები" და რომ ამისთვის საჭირო იყო აშშ-ში ჩასვლა და მათთვის "სწორი ინფორმაციის მიწოდება", რათა ისინი "ცალმხრივად" არ ყოფილიყვნენ ინფორმირებულები. 

სწორედ "ამომწურავი და სწორი ინფორმაციის" მისაწოდებლად დაგეგმა ვიზიტი შეერთებულ შტატებში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ. 

წერილებში არსებულ "ფაქტობრივ უზუსტობებზე" საუბრობდა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც. 

ხოლო პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ, კი კონგრესმენების წერილების საპასუხოდ თქვა, რომ "2012 წლამდეც ახერხებდა მხარდამჭერი განცხადებების უზრუნველყოფას". 

კომენტარები