კორონავირუსი

კორონავირუსით ინფიცირებული სამივე ადამიანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ჯანდაცვის სამინისტრო

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული სამივე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მარიან ენდელაძის ინფორმაციით, ინფექციურში ამ დროისთვის ჯამში 19 ადამიანი რჩება, მაგრამ არის შემოდინება, ასევე, საკარანტინო სივრცეში გადაგზავნა.

"საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებიც მოგზაურობდნენ იტალიაში ან ირანში და ექვემდებარებიან შესაძლო შემთხვევის განმარტებას, ანუ 2 კვირა არ გასულა და გამოჩნდა მსუბუქი სიმპტომატიკა", - თქვა ენდელაძემ.

ამჟამინდელი ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით დაავადების სამი შემთხვევა დადასტურდა. ორი ადამიანი ირანში იმყოფებოდა და ცნობილია, რომ ერთმანეთთან კონტაქტი ჰქონდათ, ხოლო მესამე - 31 წლის ქალია, რომელიც იტალიაში ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა.

ამ დროისთვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 86 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 2,900-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა უმრავლესობა, 79000-ზე მეტი, კონტინენტური ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 53 ქვეყანაში დადასტურდა. საუბარია დაახლოებით 6000 შემთხვევაზე, საიდანაც 86 ლეტალურად დასრულდა. ჩინეთის გარეთ ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაშია. აქედან ყველაზე მეტი ადამიანი ირანში გარდაიცვალა. დაავადებულთაგან 42 576 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები