აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები და ალტერნატიური პროფკავშირის წევრები ამ გადაწყვეტილებას პროგნოზირებდნენ და მათთვის ღლონტის გათავისუფლება მოულოდნელი არ ყოფილა. 

"ახალი ამბების სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის, გადაცდომასთან დაკავშირებით დასრულებულია მოკვლევა და იგი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძვლის გაცნობა შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს. მზად ვარ, ქალბატონ შორენას შევთავაზო ისეთი პოზიცია, სადაც მას არ ექნება მსგავსი გადაცდომის შესაძლებლობა და მიეცემა პროფესიული საქმიანობის გაგრძელების საშუალება" - წერია ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის, გადაწყვეტილებაში. 

შორენა ღლონტის გათავისუფლებამდე 19 თებერვალს დირექტორის გადაწყვეტილებით საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის შტატიც გაუქმდა. ამ თანამდებობაზე დასაქმებულ მაია მერკვილაძეს კი კოხრეიძემ არარსებული თოქ-შოუს პროდიუსერობა ან რადიოს საინფორმაციო სამსახურის რედაქტორობა შესთავაზა.  

2019 წლის ბოლოს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ნათია კაპანაძე სამეურვეო გადააყენა. სწორედ ამ პერიოდიდან ტელევიზიის ჟურნალისტები ზეწოლაზე, დევნასა და ცენზურაზე საუბრობენ. 

მრჩეველთა საბჭოს ახალი დირექტორის შესარჩევად რამდენიმე თვე დასჭირდა, კონკურსი არაერთხელ ჩაიშალა. მეხუთე მცდელობაზე, 2019 წლის 22 ნოემბერს, დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს, რომელის ერთერთი პირველი ინიციატივა საშტატო განრიგის ცვლილება იყო. სწორედ მან, პირველი მოადგილის, ნათია ზოიძის ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანა და ის პუნქტები ამოიღო, რომლითაც მაუწყებლის სამივე პლატფორმაზე კოორდინაცია და პოლიტიკის შემუშავება ევალებოდა. ზოიძე იძულებული გახდა, ტელევიზია დაეტოვებინა.

კომენტარები