გიგი უგულავას საქმე

"ივანიშვილთან შეუძლებელია თანამშრომლობა" - უგულავა ციხიდან TV პირველის კითხვებს უპასუხებს

ტაბულა

ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი გიგი უგულავა დღეს, 25 თებერვალს, 20:0-ზე, "მატროსოვის" ციხიდან TV პირველის შეკითხვებს უპასუხებს. სატელეფონო ინტერვიუ მან "რეაქციას" მისცა.

გადაცემის ანონსიდან ჩანს, რომ გიგი უგულავა უპასუხებს კითხვებს - აპირებს თუ არა მიმართოს შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს, როგორ გააფრთხილეს ის, რომ თავიდან დაჭერას უპირებდნენ, ნანობს თუ არა, რომ ქვეყნიდან არ წავიდა.

"ივანიშვილთან შეუძლებელია თანამშრომლობა, ივანიშვილმა ისე გატეხა პირი და ისე შეირცხვინა თავი, გინდა ქვეყნის შიგნით, გინდა გარეთ, უბრალოდ, მას პარტნიორები ვეღარ და აღარ ჰყავს" - ამბობს უგულავა გადაცემის ანონსში.

"გადმომცა ივანიშვილმა, პოლიტიკიდან წასვლა არა, უბრალოდ "აბაროტების დაწევა" - აღნიშნავს ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი.

10 თებერვალს, გიგი უგულავას უზენაესმა სასამართლომ დამატებით 3 წლით და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა საქმეზე, რომელზეც თბილისის ყოფილ მერს სასჯელი ერთხელ უკვე მოხდილი აქვს. ამის გამო, ოპოზიციამ ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემის შესახებ მოლაპარაკებები შეწყვიტა და სამომავლო გეგმები დასახა, რაც მოსახლეობასთან შეხვედრებს, პიკეტებს, მაჟორიტარების საერთო კანდიდატებს და 4 აპრილს მასშტაბური აქციის ჩატარებას ითვალისწინებს. ოპოზიცის შეფასებით, გიგი უგულავას დაპატიმრებით ხელისუფლებამ მოლაპარაკების რესურსი ამოწურა. 

გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ ქართული ოცნება სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან კრიტიკის ქვეშ მოექცა. თბილისის ყოფილი მერის საქმეს საელჩოები, საერთაშორისო ორგანიზაციები, კონგრესმენები, სენატორები, ევროპარლამენტარები და ექსპერტები გამოეხმაურნენ. 

კომენტარები