გიგა ბოკერია

ბოკერია: ვინმეს აზრის მიხედვით დამნაშავეობის გადაწყვეტა პოლიტიკური რეპრესიის ფორმულაა

გიგა ბოკერია
ტაბულა

"გადაწყვეტა, ვინ დამნაშავეა და ვინ არა იმის მიხედვით, ვინ როგორ მიიჩნევს, პოლიტიკური რეპრესიის ფორმულაა",- ასე უპასუხა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ კითხვას, მიაჩნია თუ არა მას ვანო მერაბიშვილი უდანაშაულოდ მის წინააღმდეგ არსებულ ყველა საქმეში.

ბოკერია ამბობს, რომ ადამიანის ბრალეულობა ან უდანაშაულობა არა პოლიტიკური გავლენის მქონე, არამედ დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

"სამწუხაროა, რომ არც ბიძინა ივანიშვილს და არც თქვენ [ტვ იმედის ჟურნალისტს] არ გესმით, რას ნიშნავს, ვინ წყვეტს იმას, ვინ არის დამნაშავე და ვინ არა. ვინ არის დამნაშავე და ვინ არა ამის იმის მიხედვით გადაწყვეტა, მე როგორ ვთვლი ან თქვენ როგორ თვლით, ეს პოლიტიკური რეპრესიის ფორმულაა. მით უმეტეს, თუ ამას წყვეტს ის, ვინც უკვე მთავრობაშია ან მთავრობასთან დაახლოებული პროპაგანდის ორგანოა.

[დამნაშავეობა ან უდანაშაულობა] უნდა გადაწყვიტოს დამოუკიდებელმა სასამართლომ და არა სასამართლომ, რომელიც პოლიტიკურ საქმეზე პოლიტიკური გავლენის ქვეშაა, მით უმეტეს, თუ ეს ეხება ადამიანს, რომელიც აწუხებს იმ დროს არსებულ ხელისუფლებას, ეგ არის პოლიტიკური პატიმრის დეფინიცია. თუ ევროსასამართლოზე საუბრობთ, თავისუფალ სამყაროზე, ისინი იმას კი არ არკვევენ, საქმეში ნორმალურ პირობებში ვინ შეიძლება ცნობილი იყოს დამნაშავედ და ვინ არა - არკვევენ პროცესისას უფლებები დაირღვა თუ არა, დაკვეთა იყო თუ არა მთავრობის და სასამართლო არის დამოუკიდებელი", - თქვა ბოკერიამ.

ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბოკერიას პოლიტპატიმრის ცნების განმარტება დაუწუნა. 21 თებერვალს მდინარაძემ თქვა, რომ ბოკერიას ფორმულა შემდეგია"

"თუ დანაშაული ჩაიდინე 2003-2012 წლებში, იქნება ეს მკვლელობა, მკვლელობის შეკვეთა, 50 მილიონამდე თანხის გაფლანგვა და ა.შ. ყველა შემთხვევაში ხარ პოლიტპატიმარი და მთელმა მსოფლიომ ეს მოცემულობად უნდა მიიღოს. ბოკერიას სტანდარტი არ გავა არც ქვეყნის შიგნით, საზოგადოებაში და არც ქვეყნის გარეთ, უცხოელებში. არავინ დაიჯერებს და პოლიტპატიმარს არავინ დაარქმევს ადამიანს, რომელსაც ჩადენილი აქვს უმძიმესი დანაშაულები".

ყოფილმა შს მინისტრმა, ექსპრემიერმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულება გუშინ, 20 თებერვალს დატოვა.

____________________________________________________________________________

მერაბიშვილი 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი, სხვა ბრალდებებიც წარუდგინეს - 2011 წლის 26 მაისის აქციის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტება, ვალერი გელაშვილის ცემის საქმე და აკურას ღვინის ქარხნის საქმე. ის 2014 წელს სასამართლომ ყველა საქმეზე დამოუკიდებლად დამნაშავედ სცნო და პატიმრობა შეუფარდა.

პატიმრობის პერიოდში, 2013 წლის დეკემბერში ვანო მერაბიშვილმა მისი საკნიდან გაყვანის შესახებ ისაუბრა. კერძოდ, 14 დეკემბერს, ღამის საათებში ციხის ადმინისტრაციამ მერაბიშვილი მთავარ პროკურორთან შესახევდრად გაიყვანა. ყოფილი პრემიერის მტკიცებით, მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მას კითხვები ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაუსვა. მერაბიშვილმა სამართალდამცავებს ციხის ადმინისტრაციის კამერების ჩანაწერების შემოწმებისკენ მოუწოდა, თუმცა მერაბიშვილის ამ განცხადებას რაიმე სამართლებრივი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან არ მოჰყოლია.

ყოფილი პრემიერმინისტრის ციხიდან გაყვანის ეპიზოდი ადვოკატებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრეს, რომლის დიდმა პალატამაც დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფაქტები) დაირღვა მე–5 მუხლის 1–ლ პუნქტთან ერთად (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება).

ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერაბიშვილის მიმართ სულ მცირე 2013 წლის 25 სექტემბრიდან დაირღვა მე-5 მუხლის მე-3 ნაწილიც, რადგან მათი გადაწყვეტილებით, არ არსებობდა მისი ციხეში დატოვების საფუძველი.ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2016 წლის 14 ივნისს მიიჩნია, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა, ლეგიტიმური მიზნების მიღწევასთან ერთად, ემსახურებოდა არალეგიტიმური მიზნების მიღწევასაც. კერძოდ, პატიმრობა გამოყენებულ იქნა მასზე ზეწოლის მექანიზმად სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც მის საქმესთან დაკავშირებული არ იყო, მათ შორის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და ზურაბ ჟვანიას საქმეზე მიმდინარე გამოძიებებთან.

მალევე, მერაბიშვილის საქმეზე დასკვნა გამოაქვეყნა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა. დასკვნაში კიდევ ერთხელ იყო აღნიშნული, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის მიმართ დაირღვა მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი, რადგან არ არსებობდა მისი პატიმრობაში დატოვების საფუძველი და ამავე დროს პატიმრობის დროს მისი უფლებები დაარღვია მთავარმა პროკურორმაც, რომელიც მასზე სხვა საქმეების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ზეწოლას ახდენდა.

კომიტეტი საქართველოს მთავრობას მოუწოდა ჩაეტარებინა ხელახალი გამოძიება, რომელიც იქნებოდა ინსტიტუციონალურად და პრაქტიკულად დამოუკიდებელი მონაწილე პირებისგან. ასევე მოუწოდა გაეფართოებინა გამოძიების არეალი, რათა დადგენილიყო ვანო მერაბიშვილის მიმართ უფლებების დარღვევის შესაძლო გავლენა მის წინააღმდეგ წარმოებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე.

მერაბიშვილს უდოს კომისიამ პატიმრობის ვადის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე ორჯერ უთხრა უარი ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე.

კომენტარები