რუსული კიბერთავდასხმა

ესტონეთი რუსეთს: საქართველოში განხორციელებული კიბერშეტევის გამო პასუხი უნდა აგოთ

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ ფართომასშტაბიან კიბერშეტევას Twitter-ზე გამოეხმაურა და რუსეთს ჩადენილ დანაშაულზე პასუხისგება მოსთხოვა:

"ამ კიბეროპერაციის მიზანი იყო ქართული სახელმწიფოს დისკრედიტაცია და გაუგებრობის შექმნა. ეს უპასუხისმგებლო საქციელი კიდევ ერთხელ ცხადყოფს რუსეთის უპატივცემულობას პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფოს ქცევის ნორმებისადმი, ასევე [ეს საქციელი] კიბერსივრცეში სტაბილურობას ამცირებს. არალეგალური კიბეროპერაციების განხორციელების შედეგად, არსებული საერთაშორისო ნორმებისა და ხელშეკრულებების შესაბამისად, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს."

როგორც მინისტრი წერს, ბოლოდროინდელი მავნე კიბეროპერაციები რუსეთის მიერ გაზრდილი ჰიბრიდული და დივერსიული აქტივობების ნაწილია, რომლებიც მოიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არალეგალური არჩევნების ჩატარებას, ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სიტუაციის გაუარესებას და დეზინფორმაციული კამპანიების გაძლიერებას:

"კიბერთავდასხმები და რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ განხორციელებული სხვა აქტიური ზომები საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე ევროკავშირისა და ნატოს მოკავშირეებზე, მიუღებელია და უნდა შეწყდეს".

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ესტონეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერას აგრძელებს - "ამასთან ერთად, ესტონეთი კვლავ მზადაა კიბერსტაბილურობის ჩარჩოს განვითარებაში წვლილი შეიტანოს".

20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გასული წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფო უწყებების, სხვადასხვა მედიის და ორგანიზაციის სერვერებზე კიბერთავდასხმის ავტორი რუსეთის შეიარაღებული ძალებია. მაშინ 15 000-ზე მეტ ვებგვერდზე გადასვლისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდებოდა წარწერით "I'LL BE BACK" (მე დავბრუნდები). დაჰაკული ვებსაიტები "პროსერვისის" სერვერებზე იყო ატვირთული. 

პარალელურად, განცხადება გაავრცელეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, გაერთიანებული სამეფომ, ლიტვამპოლონეთმანიდერლანდებმა, ჩეხეთის რესპუბლიკამ და დანიის სამეფომ.

გაერთიანებულმა სამეფოს ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ მათ, საქართველომ და საერთაშორისო პარტნიორებმა გამოაშკარავეს, რომ “გრუ” - რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური - პასუხისმგებელია საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან კიბერშეტევაზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ამბობს, რომ შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას.

პასუხად ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ "რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას".

კომენტარები