ახლო აღმოსავლეთი

რუსულმა ავიაციამ იდლიბი დაბომბა, პარალელურად ვრცელდება ცნობები 2 დაღუპულ თურქ სამხედროზე

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსულმა ავიაციამ სირიაში, იდლიბის პროვინციაში ტერორისტების მიერ კონტროლირებადი წერტილები დაბომბა. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერფაქსი თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ ავიაიერიში ბოევიკების მხრიდან მოსალოდნელი შეტევების აღსაკვეთად განხორციელდა. არსებული ინფორმაციით განადგურებულია 1 ტანკი, 6 ჯავშანტრანსპორტიორი და 5 პიკაპის ტიპის ავტომობილი.

რუსული ავიაიერიშის შესახებ ცნობების გავრცელებიდან მალევე თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა. თურქეთის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ იდლიბის პროვინციაში განხორციელებული ავიაშეტევების შედეგად მოკლულია 2 და დაჭრილია 5 თურქი ჯარისკაცი. ამავდროულად თურქეთის თავდაცვის უწყებაში არ აკონკრეტებენ კავშირშია თუ არა მომხდარი რუსულ ავიაიერიშებთან. 

იდლიბს, აქ ბოლო თვეების განმავლობაში ვითარება ძალიან დაიძაბა. 

იდლიბის პროვინცია, სირიის ბოლო აქტიური აჯანყებული ანკლავია. თურქეთის მოსაზღვრე პროვინციაში, ძირითადად თავმოყრილი არიან დევნილები და ის ადამიანები, რომლებიც სამოქალაქო ომში სირიის თავისუფალი არმიის რიგებში იბრძოდნენ. არსებული ინფორმაციით, იდლიბი 3,5 მილიონი დევნილის თავშესაფარია. 

აჯანყებულებს სამოქალაქო ომის წლებში მხარს თურქეთი უჭერდა, ამასთანავე იდლიბს თურქეთისთვის სტრატეგიული მნიშვნლობა აქვს. სწორედ, აქ უნდა ააშენოს თურქეთმა მილიონზე მეტი დევნილისთვის დროებითი თავშესაფარი, რომელსაც გერმანიის მთავრობა აფინანსებს. 

ამ გეგმის ჩაშლის შემთხვევაში თურქეთს დევნილთა დიდი მასა მიაწყდება, რამაც შესაძლოა 2015-2016 წლების მსგავსი მიგრანტების კრიზისი განაპირობოს. პრობლემური საკითხის გადაწყვეტას თურქეთი და რუსეთი წინა წლებში ორჯერ შეეცადნენ. მათ შორის გაფორმდა ასტანისა და სოჩის შეთანხმებები. გარიგების მიხედვით, იდლიბი ცხადდებოდა დემილიტარიზებულ ზონად და შეჩერებულიყო საბრძოლო მოქმედებები. 

ამის საპირისპიროდ, გასული წლების განმავლობაში შეიარაღებული დაპირისპირება არცერთი დღით არ შეწყვეტილა. რუსეთში და სირიაში ამბობენ, რომ იდლიბში ისლამისტი ბოევიკები და ტერორისტები მოქმედებენ, ხოლო თურქეთი ორივე სახელმწიფოს მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებაში ადანაშაულებს. 

თებერვლის დასაწყისში, იდლიბის პროვინციაში თურქეთის არმიასა და სირიის არმიას შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა. ცნობილი გახდა, რომ ასადის არმიის შეტევების დროს, 9 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შემდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელა თურქეთმაც და თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მათი მოქმედებების დროს ასზე მეტი სირიელი ჯარისკაცი დაიღუპა. 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა დაიმუქრა, რომ თუ კი პროვინციაში კიდევ ერთი თურქი ჯარისკაცი დაიჭრებოდა თურქეთი სირიის რეჟიმზე დარტყმების ყველა შესაძლო წერტილში მიიტანდა.

კომენტარები