რუსული კიბერთავდასხმა

დომინიკ რააბი: ГРУ-ს უტიფარი კიბერ-თავდასხმები საქართველოს წინააღმდეგ ყოვლად მიუღებელია

დომინიკ რააბი
Reuters

დიდი ბრიტანეთი გასულ წელს საქართველოს სახელმწიფო უწყებების, სხვადასხვა მედიის და ორგანიზაციის სერვერებზე კიბერთავდასხმის ავტორად რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოვლენას გამოეხმაურა. ბრიტანეთის ეროვნული კიბერ უსაფრთხოების ცენტრის შეფასებით თავდასხმის უკან დიდი ალბათობით რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო (ГРУ) დგას:

"ГРУ-ს უტიფარი კიბერ-თავდასხმების კამპანია საქართველოს, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ ყოვლად მიუღებელია. რუსეთის მთავრობას ნათელი არჩევანი აქვს: გააგრძელოს სხვა ქვეყნების მიმართ მოქცევის ეს აგრესიული გზა ან გადაიქცეს პასუხისმგებლიან პარტნიორად, რომელიც საერთაშორისო კანონებს პატივს სცემს." თქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა.

საქართველოზე რუსეთის კიბერ-თავდასხმა დაგმო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომაც:

"ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ და ვგმობთ რუსეთის კიბერ-თავდასხმას მის მოქალაქეებზე და ინსტიტუტებზე. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს მსგავსი ქცევა საქართველოში და სხვაგან. კიბერ-სივრცის სტაბილურობა ყველა ქვეყნის მხრიდან პასუხისმგებლიან ქცევაზე არის დამოკიდებული." წერს ის საკუთარ ტვიტერზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კიბერ-თავდასხმის შესახებ განცხადება დღეს გაკეთდა. სამინისტროს ცნობით, გასული წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფო უწყებების, სხვადასხვა მედიის და ორგანიზაციის სერვერებზე კიბერთავდასხმის ავტორი რუსეთის შეიარაღებული ძალებია. მაშინ 15 000-ზე მეტ ვებგვერდზე გადასვლისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდებოდა წარწერით "I'LL BE BACK" (მე დავბრუნდები). დაჰაკული ვებსაიტები "პროსერვისის" სერვერებზე იყო ატვირთული. 

"ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, აღნიშნული კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ." ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები