ბაღდათში ევროპული საქართველოს რაიონული ორგანიზაციის ოფისის გარე აბრები და სააგიტაციო მასალა ჩამოხიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საქართველოს ბაღდათის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და საკრებულოს წევრი შალვა დათუაძე ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, ადგილზე მისული პირები კარის შემტვრევას მაშინ ცდილობდნენ, როცა ოფისში არავინ იყო. ევროპული საქართველოს წევრი წერს, რომ ეს პირები იქ ქართულმა ოცნებამ სპეციალურად მიაგზავნა.
"ქართული ოცნება ცოტა ბევრი ხომ არ მოგდით?რამდენიმე წუთის წინ რაც დავტოვე ევროპული საქართველოს ბაღდათის რაიონული ორგანიზაციის ოფისი, მივიდნენ სპეციალურად ამ საქმისთვის მოგზავნილი ახალგაზრდები და ცდის მიუხედავად, რომ ვერ შეამტვრიეს რკინის კარები, გარედან ეცადნენ ოფისის დარბევას. ჩამოხეულია გარე აბრები და პარტიის სააგიტაციო მასალები," - წერს დათუაზე სოციალურ ქსელ facebook-ში და ფოტოებს ავრცელებს.



ქართული ოცნების აქტივისტებმა გუშინ თბილისში ევროპული საქართველოს ოფისთან აქცია გამართეს და პარლამენტში სსრკ-ის ჰიმნის გაჟღერება გააპროტესტეს.





