ნიკა მელიას საქმე

მელია: სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, მე ამას არ მივიღებ

ტაბულა

"რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მე ამას არ მივიღებ, ამით გაგიპროტესტებთ სასამართლოს არარსებობას. სასამართლო ვიცი მე ერთი, ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში, სადაც თავადაა მოსამართლე", - ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია ტვ პირველის ეთერში.

მელიას ცნობით, თუ მოსამართლე მის საქმეზე არასამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს, იგი სასამართლო გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება. როგორც მელია ტვ პირველის ეთერში განმარტავს, ის განაჩენის გაპროტესტებას გეგმავს, მაგრამ რა მეთოდით აპირებს მელია სასამართლო გადაწყვეტილების გაპროტესტებას არ აკონკრეტებს.

ნიკა მელიას თქმით, ეს გადაწყვეტილება მან ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ მიიღო.

"ჩემი ეს გადაწყვეტილება არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვემორჩილები. ეს იქნება ჩემი პროტესტი სასამართლოს არარსებობასთან დაკავშირებით.

მოსამართლე ვეფხია ლომიძე არის ერთერთი ყველაზე მორჩილი მოსამართლე, რომელიც არსებობს ბიძინა ივანიშვილის კარზე. მას არანაირი მართლმსაჯულება არ აინტერესებს, მტყუან-მართალს არ არჩევს - ერთი ძალიან მდიდარი ადამიანის სამსახურშია.

ჩემი პროტესტი იქნება ასეთი, იმ შემთხვევაში თუ მან მიიღო გადაწყვეტილება და საქმეზე, რომელსაც 7 წელი განიხილავდნენ თავად და 2 თვის წინ თავად გამამართლეს, მე ამ უკანონო, არასამართლიანი მოსამართლის გადაწყვეტილებას არ დავემორჩილები და შესაბამისად გავაპროტესტებ სასამართლოს არარსებობას და თუ რა მეთოდით და რა გზით ეს გეგმა მე მაქვს", - ამბობს მელია.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, რომელიც 8 მოსამართლეს აერთიანებს, ნიკა მელიას საქმეს განიხილავს. საქმე მელიასთვის პარლამენტის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს ეხება.

პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 2019 წლის 12 დეკემბერს შეუწყვიტა. სასამართლომ ბანკი ქართუს გაკოტრების საქმეზე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნაწილში გაამტყუნა და 25 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ასევე, დამატებით სასჯელად, 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

კომენტარები