ქართულმა ოცნებამ აშშ-ში კიდევ ერთი ლობისტური კომპანია დაიქირივა. კომპანია DCI Group-თან ხელშეკრულება 12 თებერვლას არის გაფორმებული და ოცნების მხრიდან ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
"ხელი შეუწყოს ქართული ოცნების დემოკრატიის პრაგმატულ პარტნიორად პოზიციონირებას. წარმოაჩინოს ქართული ოცნება მშვიდობის, სტაბილურობის და დასავლური ლიბერალურ-დემოკრატიული იდეალების პირუთვნელ მიმდევარად, განსაკუთრებით საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობებში.
მედიისთვის ინფორმაციის მომზადებისა და გავრცელების საშუალებით, DCI Group ხელს შეუწყობს გაახმოვანოს ქართული ოცნების უდრეკ სწრაფვას დემოკრატიისა და განსაკუთრებით საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის შესახებ", — წერია კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სექციაში.
ლობისტური მომსახურებისთვის მმართველი პარტია ყოველთვიურად 33,333 დოლარს გადაიხდის. ხელშეკრულების დასრულების ვადად 2020 წლის 31 ოქტომბერი განისაზღვრა, ამგვარად ოცნება მომსახურებაში 299,997 დოლარს გადაიხდის.
ბოლო კვირის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ უკვე მეორე ლობისტური კომპანია დაიქირივა. წინა დღეებში ცნობილი გახდა, მმართველმა პარტიამ რომ კომპანია Hogan Lovells-თან 900 ათას დოლარიანი ხელშეკრულება გააფორმა.
გასულ წელს ოცნებამ ლობისტურ მომსახურებაში ჯამურად 2,7 მილიონი დოლარი გადაიხადა, წელს გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება უკვე მილიონ დოლარს აღემატება. პოლიტიკური ცხოვრების საწყის ეტაპზე, ლობისტების მომსახურებით ხშირად სარგებლობდა ბიძინა ივანიშვილიც. 2012 წელს ივანიშვილმა ლობისტების მომსახურებაში 6 მილიონი დოლარი გადაიხადა.