ქართული ოცნება

თალაკვაძე: ოხანაშვილი ჟურნალისტისგან ობიექტურ და სამართლიან მიდგომას ითხოვდა

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე მისი თანაგუნდელის ანრი ოხანაშვილის მიერ ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტს გამოეხმაურა.

თალაკვაძის თქმით, სამწუხაროა რომ ჟურნალისტსა და პოლიტიკოსს შორის ამგვარი საუბარი შედგა.

"რასაც გავეცანი, ჩემი კოლეგა, ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტისგან ობიექტურ და სამართლიან მიდგომას მოითხოვდა. მე მინდა გითხრათ, რომ ეს ინცინდენტი ჩვენ თანამშრომლობაზე არანაირად არ აისახება. რა თქმა უნდა ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ფორმით მოხდა საუბარი პოლიტიკოსს და ჟურნალისტს შორის", — ამბობს თალაკვაძე.

თალაკვაძე ამბობს, რომ ოხანაშვილი ჟურნალისტებთან სასაუბროდ როგორც წესი სხვა ფორმებს ირჩევს ხოლმე. "თვითონ ანრი ოხანაშვილის არც ერთ შემთხვევაში არ აირჩევდა ურთიერთობის ამ ფორმას. ამიტომ მინდა დაგარწმუნოთ, რომ მომავალში თქვენს მედიასთან მაქსიმალურად კონსტრუქციული თანამშრომლობა გვექნება. როგორც წესი, ანრი ოხანაშვილი არ ირჩევს ამ ფორმას ჟურნალისტებთან ურთიერთობაში", — განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ქართული ოცნების დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ტვ პირველის ეთერში, დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში ჩართვისას ამავე არხის ჟურნალისტს, თამარ ჩიხლაძეს ამორალური და უზნეო უწოდა. ოცნების დეპუტატის უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ ჟურნალისტმა ეთერში ვახტანგ რობაქიძე მიიწვია, რომელმაც ანრი ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მაშინ, როცა ის ოჯახთან ერთად ვახშმობდა.

კომენტარები