გიგი უგულავას დაკავება

თალაკვაძე: პარტნიორები ძირითადად უგულავას დაკავების დროზე ამახვილებენ ყურადღებას

აშშ-ში სამუშაო ვიზიტიდან დაბრუნებული პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გიგი უგულავას დაპატიმრებას გამოეხმაურა. 

ჟურნალისტებთან საუბარში თალაკვაძე ამბობს, რომ საკითხთან სხვადასხვა მხრიდან ბევრი კითხვა დაისვა და ამიტომაც ოცნებამ ევროპელ პარტნიორებს ფაქტების შემსწავლელი მისიის შექმნა შესთავაზა.

"რაც შეეხება ბატონი უგულავას სასამართლო საქმეს, პირველ რიგში ადამიანურად რა თქმა უნდა ვწუხვარ, რომ ის კვლავ პატიმრობაში აღმოჩნდა. ვხედავ, რომ ოპოზიციის მხრიდან კითხვები წარმოიშვა  და არაერთმა ადამიანმა საკითხთან დაკავშირებით გამოთქვა საკუთარი მოსაზრება სწორედ, ამიტომ დღეს მაღალი დონის შეხვედრებზე ჩვენი გუნდის წევრებმა კახა კალაძემ და ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარებს საქართველოში ფაქტების შემსწავლელი მისიის გამოგზავნა შესთავაზეს. კომისიას ექნება სრული ხელმისაწვდომობა საქმის მასალებზე და გარემოებებზე, ჩვენ მზად ვართ და დაველოდოთ ევროპარლამენტის მისიის დასკვნას, არის თუ არა ამ საქმეში შეფასებული გარემოებები შეფასებული ობიექტურად და არის თუ არა ბრალი დადასტურებული", — განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, ქვეყნის პარტიონერები ძირითადად უგულავას დაპატიმრების დროზე ამახვილებენ ყურადღებას.

"მესმის ის წუხილები რაც გამოითქვა, სხვათაშორის შემთხვევითი არ არის, რომ ყველა ჩვენი პარტნიორი მხოლოდ დროსთან და კონტექსტთან მიმართებაში ამახვილებდა ყურადღებას. ვფიქრობ, ეს საკითხი მიუკორძეუებული ფაქტების შემსწავლელი მისიის დასკვნებით უნდა ამოიწუროს", — ამბობს არჩილ თალაკვაძე. 

თალაკვაძის თქმით, სასჯელაღსრულების სისტემაში უგულავას მაქსიმალური ყურადღება მიექცევა და ის ყველა იმ უფლებით ისარგებლებს რაც კანონმდებლობით არის გარანტრირებული.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით გიგი უგულავას ე.წ ფონდის საქმეზე 3 წლით, 2 თვით და 8 დღით პატიმრობა განესაზღვრა. პროკურატურა უგულავას მისი მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. 2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და როგორც საქალაქო სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ უგულავას სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა.

უზენაეს სასამართლოში საქმის წარმოება მას შემდეგ განახლდა, რაც აქ ახალი, უვადო მოსამართლეები დაინიშნნენ. უგულავას საქმეს სწორედ ახლადდანიშნული მოსამართლეები - ყოფილი მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძე, ასევე ლალი ფაფიაშვილი და მერაბ გაბინაშვილი განიხილავდნენ. ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ნაწილი ამბობდა, რომ ისინი ე.წ კლანის წევრი მოსამართლეები არიან, რომლებიც ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

2019 წლის 28 ნოემბერს იმედის ეთერში ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციის წევრებზე თქვა, რომ "ზოგი წლობით იხდის სასჯელს და კიდევ ბევრს მოუწევს მოხდა". ქართული ოცნების ლიდერის ეს მუქარა ამერიკელი სენატორების და კონგრესმენების წერილებში შეშფოთებით აღინიშნა, როგორც ოპონენტების პოლიტიკური დევნა. 6 თებერვალს ბექა ბასილაიამ მოსამართლე შალვა თადუმაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რადგან უგულავას წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოში ამ საქმის მიმდინარეობისას და ასევე საკასაციო საჩივრის მომზადების დროს მოსამართლე თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა. თუმცა, თადუმაძე საქმეს არ ჩამოშორდა. გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს დაუსწრებლად გამოიტანა.

კომენტარები