მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის

ბოკერია: მოლაპარაკებები გაგრძელდება, თუ ივანიშვილი გონს მოეგება, რისი შანსიც მცირეა

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას, თქმით, ძალიან მცირე შანსი არსებობს იმისა, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებასთან გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ შეწყვეტილი დიალოგის რეჟიმი აღადგინოს. 

ბოკერიას თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ ჯერჯერობით ქვეყნის შიგნით არსებული ბრაზისა და ქვეყნის გარეთ უპრეცენდენტო კრიტიკული ტალღისა, ივანიშვილისთვის ძალაუფლების დაკარგვის შიში უფრო დიდი შიშია. 

"ეს უგუნური ასლან აბაშიძის პოზიციაა და ამ უტიფარ პოზიციაზე რჩება, რომ ასე გაძვრება ჰგონია. აქედან გამომდინარეა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მცირე შანსი,"- ამბობს ბოკერია ტვ პირველის ეთერში. 

დეპუტატის თქმით, გიგი უგულავას დაპატიმრება არის არა მიზეზი, არამედ შედეგი იმ "უტიფარი მიდგომის", რაც ბიძინა ივანიშვილს აქვს და სწორედ ამ მიდგომის შედეგია მოლაპარაკებების ჩაშლაც. 

"მოლაპარაკებები აღდგება მაშინ, თუკი ივანიშვილი გონს მოეგება, საარჩევნო სისტემაზე გონივრული კომპრომისი მოხდება, შეწყდება რეპრესიები და გაათავისუფლებენ ყველა პოლიტპატიმარს,"- ამბობს გიგა ბოკერია. 

დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი თვის ბოლოს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა გიგი უგულავას დაპატიმრების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ოპოზიციამ ხელისუფლებასთან დიალოგზე უარი თქვა. 

სანამ გადაწყვეტილება გამოცხადდებოდა, ოპოზიციური ლიდერები ლეიბორისტული პარტიის ოფისში იყვნენ შეკრებილები, სადაც ხელისუფლებისთვის წარსადგენ კომპრომისულ საარჩევნო სისტემას ამუშავებდნენ.

კომენტარები