მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის

კალაძე მაჟორიტარების რაოდენობაზე: ეს მოლაპარაკების საგანია

ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, ოპოზიციურ პარტიებს კიდევ ერთხელ მოუწოდა დიალოგის მაგიდასთან დაბრუნებისკენ. 

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს, თუ არა მმართველი გუნდი რაიმე სხვა შეთავაზების გაკეთებას, გარდა 100 დეპუტატის პროპორციული სიით არჩევისა და 50-ის - მაჟორიტარულით, კალაძე პასუხობს, რომ "ეს მოლაპარაკების საგანს წარმოადგენს". 

"ამიტომ ვამბობთ, რომ მნიშვნელოვანია დიალოგი, მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა,"- თქვა კალაძემ. 

კალაძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა ქართული ოცნების გზავნილი, რომ თუკი ოპოზიცია არ დათანხმდება დიალოგის რეჟიმზე დაბრუნებას და ვერ შედგება კონსენსუსი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, არჩევნები არსებული შერეული სისტემით ჩატარდება. 

"ჩვენი მხრიდან გაჟღერებული იყო 100/50-ზე, რომელიც არის ოპტიმალური ვარიანტი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის გარკვეული საკითხები, რომლებიც შესათანხმებელია დიალოგის დროს და არა - ბრიფინგით და არა ასე ინტერვიუების მიცემით,"- ამბობს კალაძე. 

20 დეკემბერს ქართულმა ოცნებამ ოპოზიციას მანდატების 100/50-ზე განაწილების ვარიანტი შესთავაზა, რასაც ოპოზიცია არ დაეთანხმა. 

ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მე-5 რაუნდზე შემხვედრი წინადადების წარდგენას გეგმავდნენ, რომელიც მანდატების 130/20-ზე ან 135/15-ზე განაწილებას გულისხმობდა, თუმცა იმავე დღეს უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური ლიდერის, გიგი უგულავას, დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც ოპოზიციურმა პარტიებმა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომაზე ერთხმად თქვეს უარი. 

კომენტარები