ოპოზიციის გეგმები

საერთო კანდიდატები, შეხვედრები რეგიონებში, მასშტაბური აქცია - როგორია ოპოზიციის გეგმები

ტაბულა

ოპოზიცია 4 აპრილს, 4 საათზე, რუსთაველის გამზირზე მასშტაბურ საპროტესტო აქციას გამართავს. იქამდე, ოპოზიციური პარტიები რეგიონებში მოსახლეობას შეხვდებიან, სახელმწიფო შენობების პიკეტირებას მოახდენენ და აქციებს გამართავენ. გარდა ამისა, ლიდერები მოლაპარაკებებს განაგრძობენ, მათ შორის, მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატების წარდგენის საკითხზე. ოპოზიცია მოქალაქეებს სწორედ 4 აპრილის აქციაზე გააცნობს სამოქმედო სტრატეგიასა და ტაქტიკას. ამის შესახებ გადაწყვეტილება ოპოზიციონერმა ლიდერებმა ლეიბორისტულ პარტიაში გამართული შეხვედრის შემდეგ გაახმოვანეს.

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, 4 აპრილის აქციაზე ოპოზიცია საზოგადოების წინაშე წარსდგება სტრატეგიით, გეგმით და იმ კონკრეტული შეთანხმებებით, რომელსაც იქამდე მიაღწევენ.

"ეს პროცესი უკვე დაწყებულია, იქამდე იქნება რეგიონებში გასვლები, იქნება პიკეტირება და იქნება სხვადასხვა აქცია. მაგრამ ეს აქცია იქნება საკვანძო, ამ ბრძოლის ერთერთი ეტაპი, სადაც ოპოზიციური ერთობა, დემოკრატიული ოპოზიცია წარსდგება თავისი კონკრეტული ხედვით - როგორ გაგრძელდება ეს ბრძოლა იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური ჭირი მოვიშოროთ ყველამ ერთად და როგორ უნდა გამოვიყვანოთ ქვეყანა იმ ჩიხიდან, რომელშიც ივანიშვილმა და მისმა მასხარებმა შეიყვანეს" - თქვა ბოკერიამ.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი 4 აპრილის აქციას სრულიად საქართველოს ყრილობას უწოდებს. მისი თქმით, მიტინგზე გამოცხადდება ხელისუფლების შეცვლის სტრატეგიული და ისტორიული გეგმა.

"რეჟიმი გადავიდა აღვირახსნილ დიქტატურაზე, დაჭერებზე, რეპრესიებზე, დათრგუნვაზე, ქართველი ხალხი არ შეუშინდება, არ დაიჩოქებს, ამიტომ ამ წუთიდანვე ვიწყებთ ძალიან დიდი სახალხო თავყრილობისთვის მზადებას" - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ერთერთი საკითხი, რაზეც ოპოზიცია 4 აპრილამდე იმსჯელებს, მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატების დაყენებაა. ახალი საქართველოს ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, სწორედ 4 აპრილის აქციაზე გაცხადდება, კონკრეტულად როგორ განაწილდებიან ოლქებში ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატები.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია თანხმდება მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატებზე. მისი თქმით, ამ საკითხზე კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს და ოპოზიციური პარტიები ახლოს არიან "თბილისის შედეგთან".

"შევთანხმდით იმაზე, რომ მაჟორიტარულ ოლქებში, მაქსიმალურ რაოდენობაში, უნდა გვყავდეს ერთი კანდიდატი, რომელსაც არც ერთი სხვა პარტია არ დაუპირისპირდება" - აღნიშნა ვაშაძემ.

დემოკრატიული საქართველოს ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ახლა ოპოზიციის ამოცანაა, არჩევნებმა აზრი არ დაკარგოს. მისი თქმით, სწორედ ხელისუფლებამ აიძულა ოპოზიციური პარტიები, მეტად ითანამშრომლონ ერთმანეთთან. 

"რა თქმა უნდა, მაჟორიტარებზე შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი, და არჩევნებმა ქვეყანაში აზრი არ უნდა დაკარგოს, ეს არის ახლა ოპოზიციის ამოცანა და არა რაიმე რევოლუციური სცენარი" - აღნიშნა ბურჯანაძემ.

ჯერჯერობით, ოპოზიციურ გაერთიანებაში ერთადერთი პარტია, რომელსაც არ მიუღია გადაწყვეტილება, შეუერთდება თუ არა მაჟორიტარი კანდიდატების კონსოლიდირებულად დაყენების გეგმას, "ლელოა". ბადრი ჯაფარიძის თქმით, პარტია რამდენიმე თვის წინ დარეგისტრირდა და "ამ წუთას" თავისი გეგმით ვითარდება.

"ჩვენი პარტია იზრდება ძალიან სწრაფად. ჩვენ.ყურადღებით ვადევნებთ თვალ-ყურს ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე კონსულტაციებს მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით, თუმცა ამ წუთას ჩვენი გეგმით ვვითარდებით. ლელოს პარტიული გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით ჯერ არ არსებობს, მაგრამ ჩვენ ვვითარდებით ძალიან სწრაფად და ვვითარდებით ჩვენი გეგმის მიხედვით", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

ოპოზიცია 4 აპრილს დაგეგმილ აქციაზე მნიშვნელოვან შეთანხმებებს წარადგენს, რის შემდეგაც, საარჩევნო პროცესი აიღებს სათავეს. რესპუბლიკური პარტიის ერთერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მცდელობის მიუხედავად, ამოაგდოს ოპოზიცია "კონსტიტუციური სივრციდან", ხელისუფლება მაინც არჩევნების გზით შეიცვლება.

"ჩვენ მას ვეუბნებით, რომ დავამარცხებთ მაინც არჩევნებით და ქუჩიდან ზეწოლას გავაძლიერებთ." - თქვა ბერძენიშვილმა.

ოპოზიციამ მოსახლეობასთან შეხვედრის დაწყება და აქციის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე უარი თქვა. მოლაპარაკების შეწყვეტა კი თავის მხრივ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ განაპირობა - სასამართლომ გიგი უგულავას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა საქმეზე, რომელზეც ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს სასჯელი ერთხელ უკვე მოხდილი აქვს. პარტიების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ მოლაპარაკების რესურსი ამოწურა. 

10 თებერვალს, 15:00 საათიდან ოპოზიცია კონსულტაციებს მართავდა და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის შესათავაზებელ კომპრომისულ ვარიანტსაც განიხილავდა. ოპოზიციის ლიდერები ამბობდნენ, რომ ისინი მაჟორიტარული სისტემის პირობებში მანდატების ასე განაწილებაზე მსჯელობდნენ - პროპორციული სიით 135 დეპუტატი, მაჟორიტარულით - 15, ან პროპორციულით 130, მაჟორიტარულით - 20. უგულავას დაპატიმრების გამო, ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მე-5 რაუნდი აღარ გაიმართება.

კომენტარები