ოპოზიციის გეგმები

ვაშაძე: შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად მეტ ოლქში გვყავდეს საერთო კანდიდატი

გრიგოლ ვაშაძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ოპოზიცია თანხმდება მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატების დაყენებაზე.

"შევთანხმდით იმაზე, რომ მაჟორიტარულ ოლქებში, მაქსიმალურ რაოდენობაში, უნდა გვყავდეს ერთი კანდიდატი, რომელსაც არც ერთი სხვა პარტია არ დაუპირისპირდება."

მისი თქმით, ამ საკითხზე კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს და ოპოზიციური პარტიები ახლოს არიან "თბილისის შედეგთან".

ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია მოქალაქეებს 4 აპრილის აქციაზე გააცნობს სამოქმედო სტრატეგიასა და ტაქტიკას, იქამდე კი გაგრძელდება საპროტესტო აქციები, პიკეტირება და რეგიონებში გასვლა:

"დავდივართ რეგიონებში, რომ ყველას ავუხსნათ, მოვიდა საქართველოს მოქალაქის აქტიურობის დრო. ვერც ერთი პოლიტიკური პარტია და მათი გაერთიანება ვერაფერს გააკეთებს, თუ მოქალაქე არ გამოვიდა ლეთარგიული ძილიდან."

ოპოზიცია 4 აპრილს, 4 საათზე რუსთაველის გამზირზე გეგმავს მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას.

"საქართველოს ოპოზიციური პარტიების საკონსულტაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, 4 აპრილს, 4 საათზე მოიწვიოს სრულიად საქართველოს ყრილობა, მიტინგი, სადაც გამოცხადდება ხელისუფლების შეცვლის სტრატეგიული და ისტორიული გეგმა. რეჟიმი გადავიდა აღვირახსნილ დიქტატურაზე, დაჭერებზე, რეპრესიებზე, დათრგუნვაზე, ქართველი ხალხი არ შეუშინდება, არ დაიჩოქებს, ამიტომ ამ წუთიდანვე ვიწყებთ ძალიან დიდი სახალხო თავყრილობისთვის მზადებას" - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები