ოპოზიციის გეგმები

ბოკერია: 4 აპრილის აქციაზე წარვსდგებით სტრატეგიით, გეგმით, კონკრეტული შეთანხმებებით

გიგა ბოკერია
ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, 4 აპრილის აქციაზე ოპოზიცია კონკრეტულ სტრატეგიას წარადგენს. იქამდე, ოპოზიცია შეხვედრებს რეგიონებში გამართავს. ასევე, გაგრძელდება მოლაპარაკება ოპოზიციურ პარტიებს შორის.

"4 აპრილს რუსთაველზე იქნება დიდი აქცია საზოგადოების, ოპოზიციის აქტიური მონაწილეობით და ორგანიზებით. ჩვენ საზოგადოების წინაშე წარვსდგებით ჩვენი სტრატეგიით, გეგმით, კონკრეტული შეთანხმებებით, რომელსაც მივაღწევთ იქამდე. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, იქამდე იქნება რეგიონებში გასვლები, იქნება პიკეტირება და იქნება სხვადასხვა აქცია.

მაგრამ ეს აქცია იქნება საკვანძო, ამ ბრძოლის ერთერთი ეტაპი, სადაც ოპოზიციური ერთობა, დემოკრატიული ოპოზიცია წარდგება თავისი კონკრეტული ხედვით, როგორ გაგრძელდება ეს ბრძოლა იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური ჭირი მოვიშოროთ ყველამ ერთად და როგორ უნდა გამოვიყვანოთ ქვეყანა იმ ჩიხიდან, რომელშიც ივანიშვილმა და მისმა მასხარებმა შეიყვანეს" - თქვა ბოკერიამ ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ოპოზიციამ ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემის შესახებ მოლაპარაკებებზე უარი 10 თებერვალს, მას შემდეგ თქვა, რაც უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა საქმეზე, რომელზეც ოპოზიციის ლიდერს სასჯელი ერთხელ უკვე მოხდილი აქვს.

პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკების რესურსი ამოწურა.

კომენტარები