ზურაბ ჯაფარიძე

ჯაფარიძე: საჭიროა შეთანხმება ტექნიკურ საკითხებზე, მაჟორიტარებზე

ზურაბ ჯაფარიძე
Facebook/Zurab Japaridze

პარტია "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია მთავარის ეთერში გიგი უგულავას დაკავებაზე და ოპოზიციაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისაუბრა. ჯაფარიძის თქმით აუცილებელია, რომ ოპოზიციამ დაუყოვნებლივ დაიწყოს შეთანხმება:

"არჩევანი არის გასაკეთებელი - ეს ქვეყანა ან გადარჩება და შანსს დავიტოვებთ, რომ გახდეს თავისუფალი ადამიანების საზოგადოება, ან ვადგებით ჩვეულებრივად თურქმენეთიზაციის გზას. სინამდვილეში, მარტივი რაღაცებია გასაკეთებელი, პირველ რიგში თავი უნდა დავანებოთ მასტურბაციას, რაღაც გადაწყვეტილებები მივიღოთ და წავიდეთ წინ. გასაგებია, რომ ერთობა არის მნიშვნელოვანი, გასაგებია, რომ ხალხს უნდა ავუხსნათ, რა არის ეს ერთობა, რატომ არის ერთობა და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ერთ ჭკუაზე დავდექით რაღაცებზე, უბრალოდ, პრინციპული ომი არის ახლა მოსაგები, კონკრეტულად კი ხელისუფლება არის შესაცვლელი იმისათვის, რომ ქვეყნის განვითარების შანსი გავაჩინოთ."

ჯაფარიძე ამბობს, რომ პირველ ეტაპზე შეთანხმება უნდა მოხდეს ტექნიკურ საკითხებზე, მათ შორის არჩევნებზე გასვლის და მაჟორიტარების წამოყენების საკითხებზე:

"ამას აღარ სჭირდება ბევრი ლაპარაკი, საჭირო არის შეთანხმება, როგორ გავდივართ ეს პარტიები, ბლოკებად გავდივართ, ცალ-ცალკე გავდივართ ამ არჩევნებზე, როგორ ვლაგდებით მაჟორიტარებზე, რომ ერთმანეთს კონკურენტებს არ ვუყენებთ და ა.შ. ამაზე საჭირო არ არის თვეები ლაპარაკი. ხვალ დილიდან უნდა შეიკრიბო, დაჯდე, შეთანხმდე, გამოხვიდე და თქვა, რომ ამაზე შეთანხმდი. ტექნიკური რაღაცები არის მოსაცილებელი, რომ გასაგები იყოს, რომ ეს არის ერთიანი თამაში და ერთად ვთამაშობთ. მათ შორის, ადამიანებს უნდა ავუხსნათ და გავაგებინოთ რა თამაშია ეს."

ამის შემდეგ, "გირჩის" ლიდერის აზრით აუცილებელია ოპოზიციამ მოსახლეობას უხსნას სამომავლო ხედვები:

"ამის შემდეგ უნდა გადავიდეთ შინაარსზე, რომ ადამიანებს ავუხსნათ რომ შევცვლით ხელისუფლებას და რომ გავუშვებთ, ამის შემდეგ რომ გავიღვიძებთ რანაირი ქვეყანა იქნება, რისი შეცვლა გვინდა ამ ქვეყანაში. თუ რამეს გვასწავლის დღევანდელი შემთხვევა, პირველ რიგში იმას, რომ დასაშლელია ეს დედა აფეთქებული საბჭოთა სისტემა სადაც სასამართლო, პროკურატურა, შსს და სუსი როგორც ერთიანი სინქრონული მექანიზმი ასე მუშაობს და ნებისმიერს გაუშვებენ ციხეში უპრობლემოდ."

ოპოზიციამ მთავრობასთან მოლაპარაკებების შეწყვეტის გადაწყვეტილება დღეს მას შემდეგ მიიღო, რაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით გიგი უგულავას ე.წ ფონდის საქმეზე 3 წლით, 2 თვით და 8 დღით პატიმრობა განესაზღვრა. ოპოზიციის ლიდერები საუბრობენ საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებაზე და ასევე შეთანხმებაზე, რომ 2020 წლის არჩევნებზე მაჟორიტარულ ოლქებზე იყვნენ მოკავშირეები და არა კონკურენტები და ყველა ოლქში თითო კანდიდატი წარმოადგინონ.

დღეს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას ბრალი გადაუკვალიფიცირა და თბილისის ყოფილ მერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საკასაციო სასამართლომ გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვაში ცნო დამნაშავედ. ამნისტიის შესახებ კანონის და იმის გამო, რომ უგულავა ციხეში უკვე იჯდა, მას საბოლოო სასჯელად 3 წლით, 2 თვით და 8 დღით პატიმრობა განესაზღვრა.

პროკურატურა უგულავას მისი მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს დაუსწრებლად გამოიტანა. გიგი უგულავა ორთაჭალის პოლიციის გამყოფილებაში თავად მივიდა.

კომენტარები