გიგი უგულავა

იონათამიშვილი ოპოზიციაზე: მოლაპარაკებების შესაწყვეტად მიზეზს განზრახ ეძებენ

"ქართული ოცნების" დეპუტატი, რატი იონათამიშვილი, "ევროპული საქართველოს" ლიდერისთვის პატიმრობის მისჯასა და ამის საფუძველზე, ოპოზიციის მიერ მთავრობასთან მოლაპარაკებების შეწყვეტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

იონათამიშვილის თქმით, მოლაპარაკებების შეწყვეტის ორი მიზეზი არსებობს - ოპოზიცია ან ვერ აფასებს მის მნიშვნელობას ან განზრახ ეძებს მიზეზებს.

"ცხადია, ყოველთვის ძალიან სამწუხაროა, როდესაც ნებისმიერი ადამიანის მიმართ დგება გამამტყუნებელი განაჩენი, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას, ცხადია, იღებს სასამართლო და იღებს შესაბამისი დასაბუთებით, ასევე, ცხადია, არ აქვს მნიშვნელობა პირი არის მოქმედი თუ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, სასამართლოს და მართლმსაჯულების მიმართ ყველა თანაბარი ვართ და ეს პრინციპი იქნება დაცული ყოველ ჯერზე.

რაც შეეხება ამ საკითხის მიბმას მოლაპარაკებების რაუნდებთან, მე ვფიქრობ, რომ ეს ერთმანეთთან ნამდვილად არ არის კავშირში და ვისაც ამის ერთმანეთთან გაბმა სურს, ვფიქრობ, რომ ის ან მოლაპარაკებების მნიშვნელობას ვერ აფასებს ან განზრახ ეძებს მიზეზებს იმისთვის, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდეს, არ იყოს კონსტრუქციული. ამიტომ, ესენი ერთმანეთთან არ შეიძლება გავაიგივოთ, იმიტომ რომ მოლაპარაკება არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა გაგვაჩნდეს", - თქვა "ქართული ოცნების დეპუტატმა".

ოპოზიციამ მთავრობასთან მოლაპარაკებების შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით გიგი უგულავას ე.წ ფონდის საქმეზე 3 წლით, 2 თვით და 8 დღით პატიმრობა განესაზღვრა.

პროკურატურა უგულავას მისი მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება.

2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და როგორც საქალაქო სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ უგულავას სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა.

უზენაეს სასამართლოში საქმის წარმოება მას შემდეგ განახლდა, რაც აქ ახალი, უვადო მოსამართლეები დაინიშნნენ. უგულავას საქმეს სწორედ ახლადდანიშნული მოსამართლეები - ყოფილი მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძე, ასევე ლალი ფაფიაშვილი და მერაბ გაბინაშვილი განიხილავდნენ. ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ნაწილი ამბობდა, რომ ისინი ე.წ კლანის წევრი მოსამართლეები არიან, რომლებიც ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

2019 წლის 28 ნოემბერს იმედის ეთერში ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციის წევრებზე თქვა, რომ "ზოგი წლობით იხდის სასჯელს და კიდევ ბევრს მოუწევს მოხდა". ქართული ოცნების ლიდერის ეს მუქარა ამერიკელი სენატორების და კონგრესმენების წერილებში შეშფოთებით აღინიშნა, როგორც ოპონენტების პოლიტიკური დევნა.

6 თებერვალს ბექა ბასილაიამ მოსამართლე შალვა თადუმაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რადგან უგულავას წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოში ამ საქმის მიმდინარეობისას და ასევე საკასაციო საჩივრის მომზადების დროს მოსამართლე თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა. თუმცა, თადუმაძე საქმეს არ ჩამოშორდა.

გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს დაუსწრებლად გამოიტანა.

კომენტარები