მიხეილ სააკაშვილის განცხადება

გუგავა სააკაშვილზე: დისონანსის შეტანა ხელისუფლებას გაუადვილებს მავნე ზრახვების შესრულებას

ტვ. პირველი

"თუ ივანიშვილის დამარცხება გვინდა, უნდა იყოს ერთიანი საერთო ფრონტი, რადგან დისონანსის შეტანა რაიმე ფორმით, გაუადვილებს ხელისუფლებას იმ მავნე ზრახვების განხორციელებას, რომელსაც ისინი აპირებენ" - ასე გამოეხმაურა ლეიბორისტული პარტიის წევრი გიორგი გუგავა მიხეილ სააკაშვილის მიმართვას, რომ პირველი მარტიდან საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ბაზაზე "საკუთარ შტაბს" ხსნის. 

გუგავა ამბობს, რომ სააკაშვილი თავისი მომხრეების და მოკავშირეების კონსოლიდირებას ახდენს მის ირგვლივ. მისივე თქმით, ოპოზიციის წევრების ურთიერთობა, რომლებიც ლეიბორისტული პარტიის ოფისში იკრიბებიან, დამყარებულია ურთიერთპატივისცემაზე და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის კონცენტრირებაზე. 

"ჩვენ მოტივირებულები ვართ ერთი რამით და ეს არის, უპირველეს ყოვლისა, საარჩევნო სისტემის შეცვლა და გადასვლა ისეთ სისტემაზე, როგორიცაა პროპორციული არჩევნები და ამავე დროს ოპოზიციაში შემუშავებულია ერთი სტრატეგია, ბრძოლის სტრატეგია ოლიგარქის წინააღმდეგ, რაც მდგომარეობს იმაში, რომ მშვიდობიანი საარჩევნო გზით, სამართლიანი საარჩევნო წესებით მოხდეს არსებული რეჟიმის შეცვლა"- თქვა გუგავამ ტვ. პირველის ეთერში. 

ის ასევე აღნიშნავს, რომ ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, საერთო ოპოზიციური ფრონტი რაც უფრო მობილიზდება, ეს შედეგებზე დადებითად აისახება. 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "საკუთარი შტაბის" გახსნის შესახებ ვიდეომიმართვა 7 თებერვალს გაავრცელა და "კიდევ უფრო ფართო კონსულტაციების" სურვილი გამოთქვა. "ყველას გელოდებით ჩემთან" - თქვა მან. 

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიციურ პარტიებს აქვთ კონკრეტული გეგმა, პროპორციული არჩევნების თაობაზე შეხვედრები ლეიბორისტული პარტიის ოფისში იმართება და ეს ასეც გაგრძელდება. მისივე თქმით, სააკაშვილი მას ან ევროპული საქართველოს სხვა ლიდერებს არ დაკავშირებია

კომენტარები