აშშ - ვენესუელა

ტრამპმა ვენესუელის გარდამავალი პრეზიდენტი ხუან გუაიდო თეთრ სახლში მიიწვია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის და კიდევ 50-ზე მეტი ქვეყნის მიერ ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად აღიარებული ხუან გუაიდო თეთრ სახლში მიიწვია. შეხვედრა დღეს, 5 თებერვალს გაიმართება.

"ვიზიტი არის შესაძლებლობა, რომ აშშ-მ კიდევ ერთხელ დაამტკიცოს ვენესუელელი ხალხისადმი მხარდაჭერა და განვიხილოთ, თუ როგორ შეიძლება პრეზიდენტ გუაიდოსთან მუშაობა, რათა ვენესუელაში დემოკრატიული გადასვლა დაჩქარდეს და მიმდინარე კრიზისი დასრულდეს," - წერს თეთრი სახლი. 

თეთრი სახლის განცხადებაში აშშ-მა ვენესუელის არალეგიტიმურ დიქტატურასთან დაპირისპირებისთვის რეგიონში პარტნიორებთან მუშაობის გაგრძელების მზაობა გამოთქვა - "ჩვენ ვენესუელელ ხალხთან ერთად ვიდგებით, რათა დემოკრატიული და წარმატებული მომავალი უზრუნველყოთ".

4 თებერვალს ტრამპმა კონგრესში გამოსვლისას ვენესუელელი ხალხის მხარდაჭერაზე დემოკრატიის აღდგენის გზაზე ისაუბრა. მან ნიკოლას მადუროს სისხლიანი ტირანი უწოდა. ტრამპის გამოსვლას კონგრესში გუაიდოც ესწრებოდა. ტრამპმა მას მიმართა და სთხოვა თანამოქალაქეებისათვის ეს გზავნილი გადაეცა:

"ამერიკელები ერთსულოვნად დგანან ვენესუელელი ხალხის გვერდით თავისუფლებისათვის ბრძოლაში! სოციალიზმი ქვეყნებს ანადგურებს, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თავისუფლება სულს აერთიანებს."

ამის პარალელურად, მომავალ დღეებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიკოლას მადუროს მხარდასაჭერად ვენესუელას ეწვევა.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ხუან გუაიდოს შეხვდა, რომელიც აშშ-მა და კიდევ 50-ზე მეტმა ქვეყანამ ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად გასულ წელს აღიარეს.

ხუან გუაიდომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თქვა, რომ შედეგები გაყალბებული იყო და ხელახალი არჩევნების დანიშვნამდე გარდამავალი პრეზიდენტის პოსტი მას როგორც ეროვნული ასამბლეის თამჯდომარეს უნდა დაეკავებინა. 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ის ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ. მადუროს რეჟიმის მმართველობისას შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისისა და ინფლაციის გამო ქვეყანა 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მათმა დიდმა ნაწილმა თავი კოლუმბიას შეაფარა. გასულ წელს, ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, კოლუმბიისაგან გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება მადურომ ქვეყანაში არ შეუშვა.

კომენტარები