რუსეთი სირიაში

სირიაში, ალეპოს მახლობლად ФСБ-ს 4 სპეცრაზმელი მოკლეს

სირიაში, იდლიბის პროვინციაში რუსული ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის [ФСБ] 4 სპეცრაზმელი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია - Meduza და Moscow Times ავრცელებენ. ორივე გამოცემა ტელეგრამის თემატურ არხებს ეყრდნობა. 

ამავდროულად, ერთერთი სპეცრაზმელის დაღუპვის ფაქტი გამოცემა კომერსანტს რუსეთის ტამბოვის ოლქის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომლითაც სპეცსამსახურის თანამშრომლები გადაადგილდებოდნენ, ფუგასზე აფეთქდა. აფეთქების შედეგად დაჭრილ სპეცრაზმელებს ცეცხლი ბოევიკებმა გაუხსნეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპულები არიან: კაპიტანი - დიმიტრი მინოვი, მაიორი - ბულატ ახმატიანოვი, ლეიტენანტი - ვსევოლოდ ტროფიმოვი და მაიორი - რუსლან გიმადიევი. კონფლიქტის ზონაში მომუშავე Conflict Intelligence Team-მა ფეისბუკ გვერდზე დაღუპული სპეცრაზმელების სურათები გამოაქვეყნა.

დაუზუსტებელი მონაცემებით, რუსეთის სპეცსამსახურის ოფიცრები პირველ თებერვალს დაიღუპნენ. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

ბოლო თვეების განმავლობაში, სირიაში ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა. ყველაზე დრამატულად მოვლენები იდლიბის პროვინციაში ვითარდება. გუშინ, 3 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ სირიის სამთავრობო არმიის შეტევისას 4 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. 

ამას წინ უძღოდა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიპ ერდოღანის მუქარა სირიის სამთავრობო ძალების მიმართ. ერდოღანი იდლიბში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას ითხოვს. 

იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ერდოღანსა და პუტინს შორის 2018 წლის შემოდგომაზე სოჭში და ასტანაში გამართული შეხვედრების შემდეგ შედგა. შეთანხმების მიხედვით, სირიის მთავრობის კონტროლს მიღმა მყოფ ტერიტორიაზე დემილიტარიზებული ზონა უნდა შექმნილიყო, სადაც ცეცხლის შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა ორივე მხარემ აიღო. 

შეთანხმების მიუხედავად, იდლიბის პროვინციაში სამხედრო მოქმედებები არ შეწყვეტილა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, იდლიბს ამ დროისთვის ტერორისტები აკონტროლებენ, ხოლო აქ არსებულმა ოპოზიციურმა ძალებმა, რომელთაც მხარს თურქეთი უჭერს, უნდა შეწყვიტონ თანამშრომლობა ტერორისტებთან. 

ვითარება სირიაში გასული წლის სექტემბერში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ერდოღანმა სირიაში სამხედრო ოპერაცია გამოაცხადა. ოპერაცია "მშვიდობის წყაროს" მიზანი თურქეთთან მომიჯნავე ტერიტორიებიდან ქურთული შეიარაღებული ფორმირებების განდევნა იყო, რომელთაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს.  

22 ოქტომბერს სოჭში ვლადიმირ პუტინი და რეჯეფ თაიპ ერდოღანი ოპერაციის დროებით შეჩერებაზე შეთანხმდნენ. დეესკალაციის ზონებად იდლიბის პროვინცია და ალეპო გამოცხადდა.

კომენტარები