რუსეთი სირიაში

რუსეთი სირიის დასაბომბად ირანის საავიაციო ბაზას იყენებს

associated press

რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა სირიის დასაბომბად ირანის საავიაციო ბაზის გამოყენება დაიწყეს. სუ-34-ის ტიპის ტაქტიკური ბომბდამშენები ჰამედანის საავიაციო ბაზიდან აფრინდნენ და იერიში მიიტანეს ე.წ. ისლამური სახელმწიფოსა და ჯაბჰათ ალ-ნუსრას მებრძოლების პოზიციებზე ალეპოში, დეირ ალ-ზორსა და იდლიბში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსულმა ავიაციამ გაანადგურა ხუთი საწყობი, რომლიდანაც დაეშის მებრძოლები იარაღით მარაგდებოდნენ. სამინისტროს ცნობით, ასევე განადგურებულია "ისლამური სახელმწიფოს" საწვრთნელი ბაზები ალ-ბაბში, ალეპოსა და დეირ ალ-ზორში.

რუსეთის მიერ ირანის სამხედრო ბაზის გამოყენებამ აშშ-ის შეშფოთება გამოიწვია. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მარკ თონერმა, ეჭვი გამოთქვა, რომ რუსეთის ქმედება შესაძლოა არღვევდეს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ 2231-ე რეზოლუციას. ხსენებული რეზოლუცია კრძალავს ირანისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებას, მიყიდვას ან გადაცემას საბჭოს წინასწარი ნებართვის გარეშე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას მალევე გამოეხმაურა სერგეი ლავროვი. მისი თქმით, რუსული ბომბდამშენების მიერ ირანიდან საქმიანობის განხორციელება არ არის წინააღმდეგობაში გაეროს რეზოლუციასთან.

რუსეთმა ირანის სამხედრო ბაზის გამოყენება ალეპოში ე.წ. ჰუმანიტარული ოპერაციის დაწყებიდან ცოტა ხანში დაიწყო. ამჟამად, ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში გამაგრებული აჯანყებულები სირიის სამთავრობო ძალების ალყაში არიან მოქცეულნი, რომლებსაც ზურგს რუსეთის სამხედრო ავიაცია უმაგრებთ. ქალაქზე კონტროლის დაბრუნების მიზნით ასადი ინტენსიურ ბრძოლებს აწარმოებს.

აღსანიშნავია, რომ ირანის 1979 წლის ისლამური რევოლუციიდან მოყოლებული, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ირანმა თავის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის სამხედრო ძალების ფუნქციონირება დაუშვა.

ე.წ. ისლამური სახელმწიფო, თავის მხრივ, სირიის სამოქალაქო ომის დაწყებიდანვე ასადის რეჟიმს ძირითადად ფინანსურ და ტექნოლოგიურ დახმარებას უწევდა.

კომენტარები