თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში სამ პაციენტს აკვირდებიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. სამივე მათგანი ჩინეთშია ნამყოფი, მათ შორის ერთი - უხანში.
სამი პაციენტიდან ერთი, 25 წლის ქალი თბილისის აეროპორტიდან კლინიკაში დღეს გადაიყვანეს. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მარინა ეზუგბაია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დარწმუნებულები არიან, რომ არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აქვს, თუმცა, სიმშვიდისთვის, ლაბორატორიულ პასუხებს ელოდებიან, რომელიც სამშაბათს იქნება მზად.
"დღესდღეობით, კლინიკაში გვყავს სამი პაციენტი, ერთი ახალი და ორი თქვენთვის ცნობილი პაციენტები. იმისთვის, რომ ვიყოთ ძალიან მშვიდად, ველოდებით პასუხს რეფერალური ლაბორატორიიდან. დარწმუნებულები ვართ, რომ პასუხი უარყოფითი იქნება, მაგრამ როცა მივიღებთ პასუხს, მოიხსნება ყველა კითხვა" - ამბობს მარინა ეზუგბაია.
"სამი ადამიანი არის დაკვირვების ქვეშ ინფექციურ საავადმყოფოში, სამივეა საქართველოს მოქალაქე. სამშაბათს დღის მეორე ნახევარში ველოდებით საბოლოო პასუხს. ეს მხოლოდ დამშვიდების მიზნით კეთდება, რადგან დიდი ალბათობით, არც ერთი მონაცემი, რაც მათ აქვთ, არ მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლებელია, იყოს კორიონავირუსული ინფექცია" - აღნიშნავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ არის გამოვლენილი. ქვეყანა კვლავ მწვანე ზონაში რჩება. დროდადრო ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა, ეს ყველა ჯერზე უარყო დაავადებათა კონტროლოს ეროვნულმა ცენტრმა.





