სენატორების წერილი გახარიას

ვოლსკი წერილებზე აშშ-იდან: მომაგონა მეგობრული ცეცხლი - მეგობარი უნებლიეთ აზიანებს მეგობარს

ტაბულა

გია ვოლსკის თქმით, ამერიკელი სენატორების და კონგრესმენების მიერ საქართველოს მთავრობისთვის გამოგზავნილი წერილები მას სამხედრო ტერმინს აგონებს - "მეგობრული ცეცხლი, როცა მეგობარი უნებლიეთ მეგობარს აზიანებს".

მისივე თქმით, თუ ხელისუფლების მიმართ კითხვები არსებობს, მათ პასუხები უნდა გაეცეს.

"არის საკითხები, რომელზეც ჩვენ სიღრმისეული და ერთობლივი ანალიზი გვმართებს, ასევე არის საკითხები, რომელიც რაღაც ტერმინს მომაგონებს, რომელიც საომარი მოქმედებების დროს გამოიყენება, ამას ჰქვია მეგობრული ცეცხლი, როცა მეგობარი უნებლიეთ მეგობარს აზიანებს.

თემა, რასაც ჰქვია, ქართულ-ამერიკული პარტნიორული ურთიერთობები, ეს მხოლოდ ერთი მხარის ინტერესი არ არის, ეს არის რეგიონის ინტერესი, ჩვენი ორივეს ინტერესია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ამ საკითხების უპასუხოდ დატოვება. ეს პასუხები უნდა იყოს საქმიანი, მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობილი და შექმნილი ვითარების რეალური ანალიზი უნდა ხდებოდეს. როგორც წერილის ადრესატს, ასევე პოლიტიკოსებს მართებთ არა მხოლოდ წერილობითი და დეკლარაციული პასუხების გაცემა, არამედ ფაქტებით კარგად აღჭურვილი დელეგაციების შეხვედრა ამერიკელ კოლეგებთან. არანაირი ურთიერთობები არ უნდა იყოს გადახედილი, ეს გამორიცხულია, რადგან ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რეგიონში მოკავშირე, ისეთი როგორიც საქართველოა, არ არის მხოლოდ პათეტიკასთან ან სენტიმენტებთან დაკავშირებული საკითხი, ეს არის საგანგებო, სტრატეგიული პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხი.

თუ ჩვენს მიმართ რაიმე კითხვა არსებობს, ამ კითხვებს პასუხი უნდა გავცეთ, ვინაიდან ეს პარტნიორული ურთიერთობა როგორც საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, ასევე არის რეგიონალური სტაბილურობისთვის და უსაფრთხოებისთვის. აქ სასწორზე დევს პოლიტიკური თემა, რაშიც ცამდე მართლები ვართ და მეორე მხარეს დევს თემა, რომელიც ქართულ-ამერიკულ ინტერესებში აერთიანებს ყველაფერს, რასაც ჰქვია რეგიონული უსაფრთხოება და სტაბილურობა", - თქვა ვოლსკიმ.

__________________________________________________________________________________

2019 წლის დეკემბრიდან ამ დრომდე საქართველოს მთავრობას კრიტიკული წერილი აშშ-ის კონგრესის და სენატის არაერთმა წევრმა გამოუგზავნა. ბოლო ასეთი წერილი 29 იანვრით თარიღდება და მას ხელს შშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში და კომიტეტის წევრი სენატორი ჯინ შაჰინი არიან. სენატორი რიში რესპუბლიკური, ხოლო სენატორი შაჰინი დემოკრატიული პარტიის წევრია.

წერილში ხაზგასმულია დემოკრატიის და დემოკრატიული მმართველობის დასუსტება, რაც დაპირებული საარჩევნო რეფორმის პარლამენტის მიერ ჩაგდებით და მთავრობის მიერ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობით ჩახშობამ განაპირობა.

სენატორებისთვის შემაშფოთებელია ცნობები, რომ ოპოზციის ლიდერებს მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირები ფიზიკურად ესხმიან თავს ან ავიწროებენ. მათთვის ასევე, შემაშფოთებელია ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ წლების წინ დახურული სისხლის სამართლის საქმეების თავიდან გახსნა.

წერილში უარყოფითად არის შეფასებული უზენაესი სასამართლოში 14 მოსამართლის უვადოდ დანიშვნა მათი კვალიფიკაციის სრულად შეფასებამდე.

ასევე, სენატორები შეშფოთებულები არიან ბიძინა ივანიშვილის მუქარით, რომ აქციების უფრო მეტ მონაწილეს მოუწევს ციხეში წასვლა.

ჯეიმს რიშსა და ჯინ შაჰინამდე გახარიას მთავრობას კრიტიკული წერილი სენატორმა როჯერ ვიკერმაც გამოუვზანა.

ასევე, ხელისუფლებამ მიიღო წერილები კონგრესმენებისგან: ბრაიან ბაბინი, მარკ უეინ მალინი, ადამ კინზინგერი და სხვები.

კომენტარები