სენატორების წერილი გახარიას

ღარიბაშვილი წერილებზე: არ მსურს დეტალებში შევიდე, დრამატიზება ჩვენს ინტერესში არაა

ირაკლი ღარიბაშვილი
იმედი

"მე არ მსურს დეტალებში შევიდე, ვინაიდან დღეს მნიშვნელოვანი დღეა და სხვა თემებზე საუბარი არ მსურს", - ასე პასუხობს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წეროვანში, დაჭრილი სამხედროებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნაზე ჟურნალისტების კითხვას, თუ როგორ აფასებს კონგრესიდან გამოგზავნილ წერილებს.

"ერთს ვიტყვი უბრალოდ, რომ ნებისმიერი კითხვა, ან საკითხი, იქნება ეს გაუგებრობა, რომელიც შესაძლოა არსებობდეს ცალკეულ კონგრესმენებს, თუ ჩვენს შორის, უნდა იქნას განხილული არა წერილების, არამედ პირისპირ დიალოგის მეშვეობით.

ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ და არავითარი ზედმეტი დრამატიზება ამ საკითხის არ შედის ჩვენს ინტერესებში - სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებში, მინდა ეს კარგად იცოდეს ყველამ", - ამბობს ღარიბაშვილი.

საქართველოს მთავრობას ჯერჯერობით ბოლო, კიდევ ერთი კრიტიკული წერილი ჰელსინკის კომისიის სენატორმა, როჯერ ვიკერმა გამოუგზავნა. წერილში, რომელიც 19 დეკემბრით თარიღდება და რომელიც დღეს, 25 იანვარს, ენმ-ის წევრმა, სალომე სამადაშვილმა გაასაჯაროვა, ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს მისაღები საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თამაშის თანაბარ წესებს ყველასთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში - არჩევნების ლეგიტიმაცია შემცირდება.

გარდა ამისა, გახარიას მთავრობას, სენატორ ვიკერის გარდა, კრიტიკული წერილი ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე 7-მა კონგრესმენმაც გამოუგზავნა.

კომენტარები