სენატორების წერილი გახარიას

სამადაშვილი სენატორის წერილზე: დასტურია, რომ ხელისუფლებას ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხში შეჰყავს

რადგან საქართველოს ხელისუფლებამ არ შეასრულა ენმ-ის წევრის, სალომე სამადაშვილის მოწოდება, გაესაჯაროვებინა დეკემბერში სენატორის მიერ მთავრობისთვის გაგზავნილი კრიტიკული წერილი, დეპუტატმა სენატორ როჯერ ვიკერის წერილი დღეს, 25 იანვარს თავად გაასაჯაროვა. 

სამადაშვილის თქმით, წერილი დასტურია იმისა, რომ "დღევანდელ ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხში შეჰყავს".

"როდესაც სენატის ვაჭრობის კომიტეტის წევრი, იმ კომიტეტის, რომელმაც უნდა განსაზღვროს თავისუფალი ვაჭრობის ბედი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, მსგავს წერილს წერს, ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, რომ დღეს ჩვენი კეთილდღეობის გზაზე, იმ გზაზე, რომელმაც უნდა მოიზიდოს ქვეყანაში მათ შორის ამერიკული ინვესტიციები და უზრუნველყოს ჩვენს ქვეყანაში განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა, მთავარ წინაღობად გვესახება ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება და მათი მცდელობა, რომ დემოკრატიული მხარდაჭერის დაკარგვის მიუხედავად, შეინარჩუნონ ქვეყანაში ძალაუფლება ნებისმიერი ფასით",-თქვა სამადაშვილმა. 

როჯერ ვიკერის წერილში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს მისაღები საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თამაშის თანაბარ წესებს ყველასთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში - არჩევნების ლეგიტიმაცია შემცირდება. 

სენატორი ასევე მიუთითებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით არსებულ უკმაყოფილებაზე და გამოხატავს წუხილს ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სისხლისამართლებრივი დევნაზე, მათ შორის - ძველი საქმეების განახლებაზე.

კომენტარები