სენატორების წერილი გახარიას

ბოკერია სენატორის წერილზე: საერთაშორისო იზოლაცია ივანიშვილისთვის მძიმედ დასრულდება

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია სენატორ როჯერ ვიკერის წერილს ეხმაურება. ბოკერიას თქმით, საერთაშორისო იზოლაცია გრძელდება და "ივანიშვილისთვის ძალიან მძიმედ დასრულდება".

"არ ვიცი, რა მორიგ სისულელეს მოიფიქრებენ ამ ყველაფერზე პასუხად, მაგრამ ფაქტია, რომ გრძელდება საერთაშორისო იზოლაცია და ადგილზე ქართულ საზოგადოებასთან გაუცხოებასთან ერთად, ბუნებრივია, ამაზე რეაგირებენ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები. ვნახოთ, სადამდე გააგრძელებს ამ უგუნურ, უტიფარ, აგრესიულ ქმედებებს ივანიშვილი, რთულია ამის თქმა. ეს ყველაფერი დასრულდება მისთვის ძალიან მძიმედ, თუ დროზე არ შეაჩერებს ამ პროცესს",-თქვა ბოკერიამ. 

ბოკერია ამბობს, რომ მანამ, სანამ ივანიშვილი პროცესს არ შეაჩერებს, საზოგადოების პროტესტი და საერთაშორისო ასპარეზზე ზეწოლა გაგრძელდება.

"წერილი არის გაგრძელება იმ ტალღის, რაზეც მთელი ეს პერიოდია ვსაუბრობთ - ივანიშვილისა და მისი პოლიტიკური ბანდის ნაბიჯები საფრთხეს უქმნის საქართველოს მომავალს და შეერთებულ შტატებში ყველა ის ფიგურა, ვინც ამ რეგიონით არის დაინტერესებული, აქვს ფუნდამენტური ღირებულებითი და პრაგმატული მხარდაჭერა ქართველი ხალხის, არის ამით შეშფოთებული და აპირებს, რომ განახორციელოს საერთაშორისო ზეწოლა უკანონო ნაბიჯების, პოლიტიკური დევნის, ხალხის შეურაცხყოფისა და დამცირების, სასამართლო ხელისუფლებაში არსებული ვითარების გამო",-თქვა ბოკერიამ. 

ბოკერიას თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ წერილის დამალვა "დამატებითი სამარცხვინო დეტალი, აგონია და სრული პოლიტიკური მარაზმია." 

რადგან საქართველოს ხელისუფლებამ არ შეასრულა ენმ-ის წევრის, სალომე სამადაშვილის მოწოდება, გაესაჯაროვებინა დეკემბერში სენატორის მიერ მიღებული წერილი, დეპუტატმა ჰელსინკის კომისიის სენატორის, როჯერ ვიკერის წერილი დღეს, 25 იანვარს თავად გაასაჯაროვა. 

როჯერ ვიკერის წერილში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს მისაღები საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თამაშის თანაბარ წესებს ყველასთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში - არჩევნების ლეგიტიმაცია შემცირდება. 

სენატორი ასევე მიუთითებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით არსებულ უკმაყოფილებაზე, ასევე, აღნიშნავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, გიგა ბოკერიას და ნიკა მელიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის გააქტიურებაზე.

კომენტარები