სენატორების წერილი

თურნავა: ბოლო პერიოდში ამერიკელების განცხადებები გადაუმოწმებელ ინფორმაციას ეყრდნობა

საქართველოს მთავრობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ამერიკელი სენატორებისა და წარმომადგენელთა პალატის წევრების კრიტიკული განცხადებების პასუხად ამბობს, რომ ისინი ბოლო დროს "გადაუმოწმებელ და არასწორ ინფორმაციას ეყრდნობა".

"რა თქმა უნდა, სენატორების განცხადება არ დარჩება ხელისუფლების მხრიდან უყურადღებოდ და რეაგირების გარეშე. ჩვენთვის ყოველთვის ყურადსაღებია ჩვენი დასავლელი, ამერიკელი პარტნიორების, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლის ესა თუ ის განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ და ამ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით, გადაუმოწმებელ და არასწორ ინფორმაციას ეყრდნობა ეს განცხადება." - ამბობს თურნავა.

მინისტრის განცხადებით, მთავრობა გააძლიერებს მცდელობას, ამერიკელებს "სწორი" ინფორმაცია მიაწოდოს:

"ჩვენ ჩვენი მხრიდან ვაძლიერებთ საინფორმაციო წყაროებს, ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ აშშ-ის სხვადასხვა სახელისუფლებო შტოების წარმომადგენლებს."

წერილები ვაშინგტონიდან

30 იანვარს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობას ვაშინგტონიდან მორიგი წერილი გამოუგზავნეს. ამჯერად წერილის ავტორები აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში და კომიტეტის წევრი სენატორი ჯინ შაჰინი არიან. სენატორი რიში რესპუბლიკური, ხოლო სენატორი შაჰინი დემოკრატიული პარტიის წევრია.

წერილში, რომლის ადრესატიც საქართველოს პრემიერი, გიორგი გახარიაა, სენატორები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მათი შეფასებით, დაპირებული საარჩევნო რეფორმის ჩაგდება და მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ჩახშობა ქართული დემოკრატიის და მმართველობის დასუსტებაზე მიუთითებს.

19 იანვარს გახარიას წერილით მიმართა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკუეინ მალინმა, და მთავრობას მოუწოდა, შეწყდეს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. მალინი წერილში წერდა, რომ ის შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით. ამ წერილით კონგრესმენი მისი კოლეგების, კინზინგერისა და კონოლის, კრიტიკულ წერილს შეუერთდა.

მალინის წერილს მალევე, 21 იანვარს კიდევ ერთი წერილი დაემატა, რომელსაც ხელს აწერდნენ რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები, ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკკაული. წერილში კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამდნენ დემოკრატიული რეფორმის ჩაგდებისა და თანმხლები ძალადობის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

კონგრესმენების განცხადებით, ასევე საგანგაშოა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზირებაც. წერილში აღნიშნული იყო, რომ ისინი შეწუხებულები არიან პროკურატურის მიერ ქართული ოცნების ოპონენტების წინააღმდეგ დაწყებული, თუ განახლებული საქმეებით.

25 იანვარს ენმ-მ გახარიას მიმართ მიწერილი კიდევ ერთი წერილი გაასაჯაროვა, რომელიც 19 დეკემბრითაა დათარიღებული. წერილის ავტორი ამჯერად ჰელსინკის კომისიის სენატორი როჯერ ვიკერი იყო.

წერილში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს მისაღები საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თამაში თანაბარ წესებს ყველასთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში - არჩევნების ლეგიტიმაცია შემცირდება.

ტეხასელმა კონგრესმენმა პიტერ ოლსონმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ „ქართველი ხალხი კორუმპირებულ მთავრობაზე უკეთესს იმსახურებს“.

28 იანვარს კი კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს ოლსონმა ბიძინა ივანიშვილი ამერიკული სატელევიზიო შოუს პერსონაჟს გრაუჩი ოსკარს შეადარა და მას ვლადიმერ პუტინის მარიონეტი უწოდა.

კომენტარები