სენატორების წერილი

სენატორები: ოპოზიციური ლიდერების მიზანში ამოღება დემოკრატიული უკუსვლის მტკიცებულებაა

საქართველოს მთავრობას ვაშინგტონიდან მორიგი წერილი გამოუგზავნეს. ამჯერად წერილის ავტორები აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში და კომიტეტის წევრი სენატორი ჯინ შაჰინი არიან. სენატორი რიში რესპუბლიკური, ხოლო სენატორი შაჰინი დემოკრატიული პარტიის წევრია.

წერილში, რომლის ადრესატიც საქართველოს პრემიერი, გიორგი გახარიაა, სენატორები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მათი შეფასებით, დაპირებული საარჩევნო რეფორმის ჩაგდება და მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ჩახშობა ქართული დემოკრატიის და მმართველობის დასუსტებაზე მიუთითებს.

"გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების მიზანში ამოღება, როგორც ფორმალური და ასევე არაფორმალური მეთოდების გამოყენებით, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის კიდევ ერთი მტკიცებულებაა. ცნობები, რომ ოპოზიციის ლიდერებს მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირები ფიზიკურად ესხმიან თავს ან ავიწროვებენ, გვაშფოთებს. იგივეა, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ წლების წინ დახურული სისხლის სამართლის საქმეების თავიდან გახსნა. პოლიტიკოსებს უნდა შეეძლოთ, ისარგებლონ სიტყვის თავისუფლებით. საქართველოს სასამართლო სისტემა არ უნდა იქნას გამოყენებული მათთვის თავისუფლების შესაზღუდ იარაღად" - ნათქვამია წერილში.

სენატორები ასევე განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამენ უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლის უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით. მათი შეფასებით, ეს საქართველოს სასამართლო სისტემას ძირს უთხრის.

"პოლიტიკური მოკავშირეების დანიშვნა უზენაეს სასამართლოში დანიშვნა, მიუკერძოებელი და მაღალი კვალიფიკაციის მოსამართლეების ნაცვლად, იმ დემოკრატიულ ინსტიტუტებს უთხრის ძირს, რომელთა გამოც რეგიონში საქართველოსი შურდათ. ბატონი ივანიშვილის განცხადება, რომ აქციების უფრო მეტ მონაწილეს მოუწევს ციხეში წასვლა, დამატებით შემაშფოთებელი განვითარებაა. იმედი გვაქვს ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა სასამართლო და პოლიცია ბოროტად გამოიყენოს პოლიტიკური სარგებლის მისაღებად.

ჩვენ წლებია საქართველოსთან შეერთებული შტატების პარტიორობის მტკიცე მხარდამჭერები ვართ და კვლავ გვჯერა, რომ ძლიერი დემოკრატიული ფუნდამენტი გაქვთ. თუმცა, ეს მოვლენები გვაპაუზებს და კითხვებს გვიჩენს, რამდენად ერთგულია საქართველო ჩვენი საერთო ღირებულებების. მეტიც, ვშიშობთ, რომ რეფორმების შეფერხება და საქართველოს შიგნით დაძაბულობის ზრდა, რუსეთის უფრო მეტად ჩარევას განაპირობებს ქვეყანასა და რეგიონში. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ქმედებები, უფრო მეტად შეექმნება საფრთხე საქართველოს უსაფრთხოებას და ჩვენ შეიძლება იძულებული გავხდეთ, რომ ჩვენს პარტნიორობას გადავხედოთ.

დამოუკიდებელ, დემოკრატიულ საქართველოს ბევრი საერთაშორისო მხარდამჭერი ჰყავს და ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერა. თუმცა, გვაქვს მოტივაცია მხარი დაუჭიროთ საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელი იქნება, საქართველოს დავეყრდნოთ, როგორც სტაბილურ, სანდო და დემოკრატიულ პარტიორს. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ სწრაფად შეეცდებით ამ უკუსვლის შემობრუნებას და შეუსრულებთ დანაპირებს ქართველ ხალხს." - ნათქვამია წერილში.

მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო და დემონსტრანტები სპეცრაზმით დაარბია, საქართველოს მთავრობამ ამერიკელი კონგრესმენების და სენატორებისგან რამდენიმე კრიტიკული წერილი მიიღო.

კომენტარები