კაცს, რომელიც მსახიობ ეკა ჩხეიძეს აშანტაჟებდა და ქორწინებას აიძულებდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მსახიობის ინტერესებს ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია საფარი იცავს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, კაცი მუდმივად ცდილობდა, ჩხეიძის სიახლოვეს ყოფილიყო, 2 წლის მანძილზე აწუხებდა, დაქორწინებას აძალებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითმკვლელობით აშანტაჟებდა. ერთ-ერთი მსგავსი ინციდენტისას, მან ეკა ჩხეიძის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში პნევმატური იარაღიდან გაისროლა.
საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საფარის იურისტებმა მიიჩნიეს, რომ კაცის ქმედებები იყო არა მხოლოდ ქორწინების იძულება, არამედ – ადევნება.
"ეკა ჩხეიძის განმარტებით, რამდენიმე წლის მანძილზე, მას უჩა მიშველაძე, ფაქტობრივად, გასაქანს არ აძლევდა, არასასურველი კომუნიკაციით აწუხებდა. ბოლო პერიოდში, იგი გახდა აგრესიული, გადმოვიდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ჩხეიძეს უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
მათივე ინფორმაციით, ეკა ჩხეიძის ჩვენება ნათლად მიუთითებს ადევნების მუხლის ყველა კომპონენტზე, რომელიც გულისხმობს პირადად უკანონო თვალთვალს ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას, პირის ან მისი ოჯახის წევრის მიმართ მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, ასევე, განზრახ ქმედებას, რომელიც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.
ეკა ჩხეიძე ჩვენებაში წერს:
"მაქსიმალურად ვცდილობდი, თავი ამერიდებინა ამ კაცისთვის. იმის შიშით, რომ შემთხვევით არ გადამყროდა, სხვა გზით დავდიოდი ხოლმე; იგი ხშირად მაკითხავდა სახლში, ქუჩაში, მეუბნებოდა, ვუყვარდი, სურდა ჩემთან ურთიერთობა, ჩემზე დაქორწინება".
უჩა მიშველაძე შსს-მ 2019 წლის 28 სექტემბერს, ქორწინების იძულების ბრალდებით დააკავა. საფარის ჩართულობით, მის მიმართ ამოიწერა შემაკავებელი ორდერი, საქმეში კი გამოიკვეთა გენდერული დისკრიმინაციის ნიშანი.
გარდა ამისა, ორგანიზაციის შუამდგომლობით ჩატარებული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ეკა ჩხეიძე ავლენდა ძალადობის მსხვერპლი ქალისათვის დამახასიათებელ ფსიქო-ტრავმულ ნიშნებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2020 წლის 23 იანვრის განაჩენით, უჩა მიშველაძეს მიუსაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. ასევე, მას 3 წლის ვადით აეკრძალა იარაღის შეძენისა და ტარების უფლება.