კონგრესმენების წერილი გახარიას

შეპარდი: თუ ვითარება გაუარესდა, კონგრესს შეუძლია, საქართველოს მთავრობას ცხოვრება გაურთულოს

ამერიკის ხმა

ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის ვიცე-პრეზიდენტი, რობინ შეპარდი ამბობს, რომ კონგრესმენებმა საქართველოს წერილებით გაფრთხილება მისცეს და მნიშვნელოვანია, ქვეყანამ ეს გაითვალისწინოს. შეპარდის თქმით, თუ ვითარება გაუარესდა, კონგრესს აქვს ბერკეტები, რომ საქართველოს მთავრობას ცხოვრება გაურთულოს.

​ამის შესახებ მან ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა ქართული ოცნების პოზიციის შესახებ, რომ კონგრესში 435 წევრია და კრიტიკულ განცხადებას მხოლოდ 4 აწერს ხელს.

რობინ შეპარდი ამბობს, რომ კონგრესის 435 წარმომადგენელსა და 100 სენატორში 4 ადამიანი ბევრი ნამდვილად არ არის, მაგრამ კონგრესი ძალიან ბევრ საკითხზე მუშაობს და იმ ოთხ კონგრესმენს კოლეგები ჰყავს, რომლებიც ამ თემებზე კომიტეტებში საუბრობენ.

"ეს პირველი ნაბიჯია. ისინი ამას პირდაპირ არ ამბობენ, მაგრამ ამ წერილების გაგზავნით, იმას იძახიან, რომ საქართველოს გაფრთხილება მიეცა. ეს იმის ნიშანია, რომ ადამიანებმა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვაგანაც დაინახონ, რომ ამერიკა საქართველოს ყურადღებას აქცევს და თუ გადაწყვიტეს, რომ ეს გზავნილი გაამკაცრონ, შეუძლიათ უფრო მეტიც გააკეთონ. ადამიანებს ავიწყდებათ, რომ კონგრესი უკიდურესად გავლენიანი ორგანოა. თუ კონგრესმა რაღაცა გადაწყვიტა და ეს ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებაა, მას პრეზიდენტიც კი ვერ ადებს ვეტოს. საკანონმდებლო პროცესი ესკალატორს ჰგავს. წერილის დაწერა ესკალატორის პირველი საფეხურია. თუ ვითარება გაუარესდა, კონგრესს აქვს ბერკეტები იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობას ცხოვრება გაურთულოს", - ამბობს შეპარდი.

ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე კრიტიკული წერილი საქართველოს მთავრობას და პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას 7-მა კონგრესმენმა, ასევე სენატორმა როჯერ ვიკერმა გამოუგზავნა.

კონგრესმენები მარკ უეინ მალინი, ბრაიან ბაბინი და ადამ კინზინგერი გახარიასთვის გაგზავნილ წერილებში შეშფოთებას გამოხატავენ განგრძობად უარყოფით ტენდენციებზე თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში, რაც ამერიკულ და ევროპულ ბიზნესკომპანიებზე თავდასხმებში გამოიხატა და ამის მაგალითად კომპანია ფრონტერას ასახელებენ.

როგორც მალინის და ბაბინის, ასევე სხვა კონგრესმენების და სენატორ როჯერ ვიკერის წერილებში გამოთქმულია წუხული და შეშფოთება იმაზეც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო. ამერიკელი პარტნიორები ასევე უთითებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის დროს ხარვეზებზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქციებისთვის ხელის შეშლასა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სამართლებრივ დევნასა და მედიის შევიწროებაზე.

კომენტარები