კონგრესმენების წერილი გახარიას

საქართველოს ელჩი აშშ-ში: ტონი, რომლითაც კონგრესმენები გახარიას მიმართავენ, მიუღებელია

http://greece.mfa.gov.ge/

საქართველოს ელჩი აშშ-ში, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ მიუღებელია კონგრესმენების ტონი, რომლითაც ისინი საქართველოს პრემიერმინისტრს მიმართავენ.

"ჩემი აზრით, უნდა გავყოთ ორად: ერთი მხრივ, საუბარია საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელების და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის წერილზე და მეორე მხრივ - 4 სხვადასხვა კონგრესმენის წერილზე, რომელიც შეეხებოდა ერთ კონკრეტულ სამართლებრივ დავას. კონკრეტულად, კომპანია ფრონტერას და იმ სამართლებრივ დავას, რომელიც საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციას წლებია, გააჩნია ფრონტერასთან.

ის ტონი, რომლითაც ფრონტერას მხარდამჭერი კონგრესმენები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორის პრემიერ-მინისტრს, მიმართავენ არის აბსოლუტურად მიუღებელი. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ წლების განმავლობაში გვაქვს გამოცდილება კონკრეტულად ამ კომპანიის მხარდამჭერ კონგრესმენებთან ურთიერთობის", - თქვა ელჩმა ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში.

ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე კრიტიკული წერილი საქართველოს მთავრობას და პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას 7-მა კონგრესმენმა, ასევე სენატორმა როჯერ ვიკერმა გამოუგზავნა.

კომპანია ფრონტერასთან საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის დავაზე თავის წერილში ერთ-ერთმა კონგრესმენა, მარკ უეინ მალინმა ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა შეწყვეტს აგრესიულ ქმედებებს ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ.

მალინი გახარიასადმი გაგზავნილ წერილში წერს, რომ მიუხედავად იმ პროგრესისა, რაც საქართველომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მოიპოვა, აშშ-ს უყურადღებოდ არ დარჩენია განგრძობადი უარყოფითი ტენდენცია თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში.

"ამის შედეგია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემცირება, რადგან ამერიკული და ევროპული ბიზნესინტერესები საქართველოში შევიწროებასა და ექსპროპრიაციის მიზნით, თავდასხმებს დაექვემდებარნენ. ამის შესანიშნავი მაგალითია ნავთობისა და გაზის კომპანია Frontera Resources ტეხასიდან", - ნათქვამია წერილში.

კიდევ ერთი კონგრესმენი, ბრაიან ბაბინი თავის წერილში ასევე მიუთითებს, რომ "საქართველოში პირდაპირი ინვესტიციები შემცირებულია, ვინაიდან ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები შევიწროების და კონფისკაციის ობიექტები ხდებიან, უწყდებათ კონტრაქტები. ამის გამორჩეული მაგალითი ტეხასური ნავთობის და გაზის კომპანია ფრონტერაა".

"სწორედ გაუარესებული გარემოს გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა 2019 და 2020 წლებში ერთმანეთის მიყილებით დაამტკიცა კანონპროექტი კონგრესიდან თანხის გამოყოფის შესახებ, რომლებიც კონკრეტულად მიემართება საქართველოს ხელისუფლების მზარდ ანტაგონისტურ ქმედებებს დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი ბაზრის პრინციპებისა და ამერიკული ბიზნეს-კომპანიების წინააღმდეგ. საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად, თქვენი ქვეყანა განიხილება უარყოფით შუქზე და სიფრთხილით აშშ-ს მთავრობისგან გამოყოფილი თანხების კუთხით", - წერია ბაბინის წერილში.

როგორც მალინის და ბაბინის, ასევე სხვა კონგრესმენების და სენატორ როჯერ ვიკერის წერილებში გამოთქმულია წუხული და შეშფოთება იმაზეც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო. ამერიკელი პარტნიორები ასევე უთითებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის დროს ხარვეზებზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქციებისთვის ხელის შეშლასა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სამართლებრივ დევნასა და მედიის შევიწროებაზე. 

კომენტარები