კონგრესმენების წერილი გახარიას

ხაზარაძე: მძაფრი კრიტიკა გაღრმავდება, "ოცნება" ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცევს

მამუკა ხაზარაძე
ლელო

"აშკარაა, რომ ეს უკვე შეუქცევადი პროცესია , რომ საერთაშორისო საზოგადოების მძაფრი კრიტიკა, უნდობლობა, ნეგატიური დამოკიდებულება, პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდება და დღევანდელი ხელისუფლება ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცევს",-"ლელოს" დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე 4 კონგრესმენის მიერ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილს ეხმაურება და ქართული ოცნების დეპუტატებს, პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს ღია წერილით მიმართავს.

"ეჭვქვეშ დგება ჩვენი ევროატლანტიკური კურსი და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა. თუ რაღაც არ შეიცვალა, სულ მალე ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო პარტნიორად ერთადერთი ქვეყანა დარჩება, სწორედ ის, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული და ყველა ხერხით ხელს უშლის ჩვენს ჩართვას საერთაშორისო თანამეგობრობაში",-წერს ხაზარაძე.

ხაზარაძე "ოცნებას" გაფრთხილების მიღებისკენ მოუწოდებს და წერს, რომ ქართული ოცნების ლიდერის "ბოროტი კურსი" შესაჩერებელია.

"თქვენ კარგად უნდა გაიაზროთ ის ისტორიული პასუხისმგებლობა, რომელიც დღეს გეკისრებათ. თქვენი ლიდერის მიერ წარმოებულმა კურსმა სულ მცირე ხანში შეიძლება დაგვაკარგვინოს ის, რასაც 30 წლიანი ბრძოლით, შრომით და გამარჯვებებით მივაღწიეთ. თუ ასე გაგრძელდა, თქვენი პარტია სულ მალე შეიძლება კოლექტიურ ორჯონიკიძედ იქცეს. კარგად გაიაზრეთ, თუ რა ადგილს დაიმკვიდრებთ ქვეყნის ისტორიაში. თქვენი ლიდერის ბოროტი კურსი შესაჩერებელია და ეს, პირველ რიგში, თქვენი ვალია, რადგან სწორედ თქვენი მხარდაჭერაა ის, რითაც ეს კურსი სულდგმულობს. ნუ დაუშვებთ, რომ საფრთხე რეალობად იქცეს. მიიღეთ ეს გაფრთხილებად. ჯერ კიდევ არსებობს იმედი, რომ ზოგ თქვენგანს მაინც აქვს შერჩენილი საღი აზრი და ქვეყნის სიყვარული. საქმე ეხება ქვეყნის ბედს და არა ერთი ადამიანის ძალაუფლებას, რომელსაც ცუდად ესმის, რას ნიშნავს ქვეყანა და მისი ისტორიული სტრატეგია",-წერია ღა წერილში. 

დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებისა და ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, კონგრესმენებისგან უკვე მესამე წერილი მიიღო. 

რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები, ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენჯელი და მაიკლ მაკკაული შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდებისა და თანმხლები ძალადობის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. 

კონგრესმენების განცხადებით, ასევე საგანგაშოა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზირებაც. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კონგრესმენები შეწუხებულები არიან პროკურატურის მიერ ქართული ოცნების ოპონენტების წინააღმდეგ დაწყებული, თუ განახლებული საქმეებით. 

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლები ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემცირებაზეც საუბრობენ, რაც მათივე განცხადებით, ამერიკული და ევროპული კომპანიების შევიწროვების შედეგია. 

პირველი წერილი გახარიამ 16 დეკემბერს ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის მხრიდან მიიღო. წერილში კონგრესმენები გამოთქვამდნენ იმედს, რომ ხელისუფლება დაუყონებლივ მიიღებდა პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ისინი წერდნენ, რომ ქართველებს სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მჭიდრო კავშირში იქნება დასავლეთთან და რომ საქართველოდან გავრცელებული ახალი ამბები, მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობის შედეგად დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაშავების შესახებ თავზარდამცემია. 

19 იანვარს კი რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკუეინ მალინმა, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართა და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შეწყდეს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. მალინი წერილში წერს, რომ ის შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით. ამ წერილით კონგრესმენი მისი კოლეგების, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის, კრიტიკულ წერილს შეუერთდა.

კომენტარები