ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ვაშაძე კრიტიკაზე: არ მითქვამს, რომ პროპორციულის დაპირება ენმ-ის დამსახურებაა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ მას არ უთქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის დაპირება ენმ-ის დამსახურებაა. 

ამის შესახებ ვაშაძემ კავკასიის ეთერში მას შემდეგ ისაუბრა, რაც სხვა ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ის ამ განცხადების გამო გააკრიტიკეს. 

"მე ვთქვი, რაც სათქმელი მქონდა. მე არ მითქვამს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამსახურებაა-მეთქი, რაღაც. ვთქვი, რომ ჩვენ საპრეზიდენტო კამპანიის დროს პირველებმა დავიწყეთ ამაზე საუბარი. საპრეზიდენტო კამპანიის დროს-მეთქი, ხაზს ვუსვამ,"- ამბობს ვაშაძე.

ენმ-ის ლიდერმა აღნიშნა, რომ 1990-იანი წლების შემდეგ ყველა პარტია პროპორციულ საარჩევნო სისტემას ითხოვდა. ვაშაძისვე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანა საარჩევნო კამპანიაშია "ამისთანა განცხადებები" კიდევ ბევრი იქნება. 

"მთავარია, საშუალება გვქონდეს, ყველამ ვისარგებლოთ სიტყვის თავისუფლებით,"- თქვა გრიგოლ ვაშაძემ. 

ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ ვაშაძე მას შემდეგ გააკრიტიკეს, რაც მან მთავარი არხის ეთერში თქვა, რომ პროპორციული არჩევნების დაპირების მოპოვება ენმ-ის დამსახურებაა გაერთიანება "ძალა ერთობაშიასთან" ერთად.

ჟურნალისტის შესწორებაზე, რომ ეს მხოლოდ ენმ-ის მოთხოვნა არ ყოფილა და საერთო მოთხოვნა იყო, ვაშაძემ უპასუხა, რომ როცა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ამაზე საუბრობდა "მთელი საპრეზიდენტო კამპანიის დროს", მაშინ ამას არავინ ითხოვდა. 

2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების პირობა ბიძინა ივანიშვილმა გავრილოვის ღამის შემდეგ რამდენიმე დღეში მასშტაბური აქციების ფონზე დადო. ეს აქციების სამი მთავარი მოთხოვნიდან ერთერთი იყო, რომელსაც ყველა ოპოზიციური პარტია და სამოქალაქო საზოგადოება ითხოვდა. 

აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ივანიშვილის დაპირების შემდეგ ენმ-ის ლიდერმა, ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, თქვა, რომ ყველა, ვინც 0%-იანი ბარიერით პროპორციულ საარჩევნო სისტემას დაეთანხმება, ან სულელია ან მოსყიდული. 

მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დადებული საჯარო პირობა ქართულმა ოცნებამ არ შეასრულა და 14 ნოემბერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. მმართველი გუნდის ლიდერებმა, მათ შორის თავად ივანიშვილმა პასუხისმგებლობის გადატანა მაჟორიტარ დეპუტატებზე სცადეს. 

კომენტარები