კონგრესმენების წერილი გახარიას

კონგრესმენები: გვაშფოთებს ოცნების ოპონენტების წინააღმდეგ ძველი საქმეების განახლება

PBS

ოთხი ამერიკელი კონგრესმენის მიერ საქართველოს პრემიერმინისტრისთვის, გიორგი გახარიასთვის, მიწერილ წერილში ქართული ოცნების ოპონენტების მიმართ დაწყებულ ან განახლებულ საქმეებზეცაა საუბარი. 

კონგრესმენები გახარიას წერენ, რომ ქართული ოცნების მიერ დანიშნული პოლიტიკური ლიდერებისა, თუ მედიის მფლობელების წინააღმდეგ დაწყებული საქმეების დიდი ნაწილი აღქმულია, როგორც მათი მიზანში ამოღება. 

კონგრესმენები პრემიერმინისტრს ასევე წერენ, რომ კანონის უზენაესობისა და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის არსებობა დემოკრატიის მთავარი საყრდენია. 

"გვაშფოთებს ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების დანიშნული პროკურორები ძველ სამართლებრივ საქმეებს ანახლებენ პარტიის ოპონენტების წინააღმდეგ. მაშინ, როდესაც ზოგიერთ ამ საქმეს, შესაძლოა, ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი, სხვები აღქმულია, როგორც წამყვანი პოლიტიკოსების, მედიის მფლობელების, საერთაშორისო კორპორაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მიზანში ამოღება.

კანონის უზენაესობისა და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის პატივისცემა ჯანსაღი დემოკრატიისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის მთავარი გასაღებია, რაც თქვენი პარტიის დაპირებაა,"- წერია წერილში. 

წერილი, რომელსაც ხელს აწერენ რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკკაული, სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ. 

ეს პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებისა და ამით ქვეყანაში გამოწვეული პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, მესამე წერილია, რომელსაც გახარია კონგრესმენებისგან იღებს. 

პირველი წერილი გახარიამ 16 დეკემბერს ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის მხრიდან მიიღო. წერილში კონგრესმენები გამოთქვამდნენ იმედს, რომ ხელისუფლება დაუყონებლივ მიიღებდა პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ისინი წერდნენ, რომ ქართველებს სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მჭიდრო კავშირში იქნება დასავლეთთან და რომ საქართველოდან გავრცელებული ახალი ამბები, მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობის შედეგად დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაშავების შესახებ თავზარდამცემია. 

19 იანვარს კი რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკუეინ მალინმა, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართა და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შეწყდეს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. მალინი წერილში წერს, რომ ის შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით. ამ წერილით კონგრესმენი მისი კოლეგების, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის, კრიტიკულ წერილს შეუერთდა.

კომენტარები