კონგრესმენების წერილი გახარიას

კონგრესმენები გახარიას: საგანგაშოა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზირება

მთავრობის ადმინისტრაცია

წერილში, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურმა, გიორგი გახარიამ, კონგრესმენებისგან მიიღო, სხვა საკითხებთან ერთად ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტის პროექტზეცაა საუბარი.

კონგრესმენები გახარიას წერენ, რომ პროექტის პოლიტიზირება მათთვის საგანგაშოა და რომ ქართული ოცნების მხრიდან კონსორციუმის პოლიტიკური მოტივით სამიზნედ ქცევის აღქმამ მასში ამერიკული კომპანიების მიერ ინვესტიციების ჩადებას ხელი შეუშალა. 

"საგანგაშოა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზირება. 

ქართული ოცნების მიერ ამერიკული მხარდაჭერის მქონე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის პოლიტიკური მოტივით სამიზნედ ქცევის აღქმამ, ხელი შეუშალა ამ პროექტში ამერიკული კომპანიების მიერ ინვესტიციების განხორციელებას. მოვლენათა ამგვარი განვითარება არახელსაყრელად აისახება ბიზნეს გარემოზე, რასაც შეუძლია სამომავლოდ ხელი შეუშალოს ამერიკულ ინვესტიციებს საქართველოში,"- წერია წერილში.  

წერილი, რომელსაც ხელს აწერენ რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკკაული, სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ. 

ეს პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებისა და ამით ქვეყანაში გამოწვეული პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, მესამე წერილია, რომელსაც გახარია კონგრესმენებისგან იღებს. 

პირველი წერილი გახარიამ 16 დეკემბერს ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის მხრიდან მიიღო. წერილში კონგრესმენები გამოთქვამდნენ იმედს, რომ ხელისუფლება დაუყონებლივ მიიღებდა პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ისინი წერდნენ, რომ ქართველებს სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მჭიდრო კავშირში იქნება დასავლეთთან და რომ საქართველოდან გავრცელებული ახალი ამბები, მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობის შედეგად დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაშავების შესახებ თავზარდამცემია. 

19 იანვარს კი რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკუეინ მალინმა, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართა და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შეწყდეს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. მალინი წერილში წერს, რომ ის შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით. ამ წერილით კონგრესმენი მისი კოლეგების, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის, კრიტიკულ წერილს შეუერთდა.

კომენტარები