კორონავირუსი

სინგაპურმა ჩინეთიდან ჩაფრენილი ყველა მგზავრის შემოწმება დაიწყო

მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შემთხვევა დაფიქსირდა, 22 იანვარს სინგაპურის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ჩინეთის ყველა ფრენით ამოსული მგზავრები ახალ კორონავირუსზე შეამოწმონ. აქამდე სინგაპურში მხოლოდ ვირუსის ეპიცენტრიდან, ქალაქ ვუხანიდან ჩასულ ტურისტებს ამოწმებდნენ.

სინგაპურში განაცხადეს, რომ უმკურნალებდნენ ყველას ვინც ბოლო პერიოდში ჩინეთში იმყოფებოდა და პნევმონია ჰქონდა. ასევე უმკურნალებენ რესპირატორული მწვავე ინფექციის მქონე პირებს.

სინგაპურში ახალი კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა/

ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაავადების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა. ამ დროისათვის გამოვლენილია ვირუსით დაავადების 440 შემთხვევა. იზოლირებულია 2,197 ადამიანი, რომელთაც დაავადებულებთან ჰქონდათ შეხება. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.

ვირუსის გავრცელების გამო დღეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საგანგებო შეხვედრას გამართავს და განსაზღვრავს წარმოადგენს თუ არა ის მსოფლიო ჯანდაცვისათვის საშიშროებას.

ვირუსი პირველად ჩინეთის ვუხანის პროვინციაში დაფიქსირდა და მას შემდეგ ჩინეთის ფარგლებს გარეთაც გავრცელდა, მათ შორის იაპონიაში, სამხრეთ კორეაში და ტაილანდში. ვირუსით დაავადების პირველი შემთხვევა გამოვლინდა აშშ-შიც, სადაც ჩინეთიდან მომავალ ფრენებზე უსაფრთხოების და შემოწმების ნორმები გაამკაცრეს. მსგავსი ზომები მიიღეს რუსეთშიც. ჩრდილოეთ კორეაში კი ტურისტულმა კომპანიებმა ჩინეთში ოპერაციები დროებით შეაჩერეს.

ვირუსი, რომლის წარმოშობაც ჯერ-ჯერობით დაუდგენელია პნევმონიას იწვევს, სიმპტომები მოიცავს სიცხეს და სუნთქვის გართულებას. ის კორონავირუსების იმავე ოჯახს მიეკუთვნება, რასაც მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS), რომელმაც 2002-2003 წლებში მსოფლიოში 800-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაშინაც დაავადება პირველად ჩინეთში გავრცელდა. მაშინ ჩინეთის მთავრობამ ვირუსის გავრცელების დაფარვა სცადა და ეპიდემიის არსებობა მხოლოდ მას შემდეგ აღიარა, რაც გარდაცვალების შემთხვევები გაიზარდა. ახლა ჩინეთის მთავრობას მოუწოდებენ არ დაუშვას იგივე შეცდომა და ვირუსის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახადოს.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თქვა, რომ ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლა მთავრობის პრიორიტეტია. ვირუსის გავრცელების საშიშროება განსაკუთრებით გაზრდილია, რადგან ჩინეთში მთვარის კალენდრით ახალ წელს აღნიშნავენ და ამისათვის ასობით მილიონი ადამიანი ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ მოგზაურობას აპირებს.

კომენტარები