რუსეთი

პუტინმა რუსეთის ახალი მთავრობა დაამტკიცა

მიხაილ მიშუსტინი და ვლადიმირ პუტინი
Reuters

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაამტკიცა რუსეთის ახალი მთავრობა, რომელიც, მისი თქმით ახალ სახეებს შემოიყვანს პოლიტიკურ ასპარეზზე, თუმცა ფინანსთა, საგარეო საქმეთა, თავდაცვის, ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრები არ შეცვლილან.

შეიცვალა ეკონომიკის მინისტრი. ეს პოსტი მაქსიმ რეშეტნიკოვმა დაიკავა. ის მანამდე მოსკოვის მერის ოფისში მუშაობდა. ტელოკომუნიკაციების მინისტრის პოსტზე დამტკიცდა მაკსუტ შადაევი, რომელიც ამ დრომდე როსტელეკომის ვიცე პრეზიდენტი იყო. მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე ანტონ სილუანოვი პუტინის ყოფილმა ეკონომიკის მრჩეველმა ანდრეი ბელოუსოვმა ჩაანაცვლა. შეიცვალა კულტურისა და განათლების მინისტრებიც.

"ყველაზე მნიშვნელოვანი მისია არის ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდა და მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის პოზიციების გაძლიერება. ეს მიღწევადი მიზნებია." მიმართა პუტინმა ახალ მთავრობას.

შეგახსენებთ, რომ 15 იანვარს რუსეთის მთავრობა პრემიერ დიმიტრი მედვედევის მეთაურობით მას შემდეგ გადადგა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წამოაყენა ინიციატივა რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე უნდა ჩატარდეს.

პუტინს სურს, რუსეთი საპრეზიდენტოდან საპარლამენტო რესპუბლიკად იქცეს, სადაც ძირითადი ძალაუფლება პრემიერმინისტრს ექნება და ამგვარად მეოთხე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ კვლავ შეინარჩუნოს მმართველობა.

პუტინს ვადა 2024 წელს ეწურება. მას არ დაუკონკრეტებია, რას აპირებს ამის შემდეგ, თუმცა რუსეთის კონსტიტუცია ზედიზედ მესამე ვადით კენჭისყრის უფლებას არ მისცემს, შესაბამისად სავარაუდო იყო, რომ მას საკონსტიტუცო ცვლილება მოეთხოვა.

პუტინმა ასევე დააანონსა ფედერაციის საბჭოს უფლებამოსილების გაზრდა. დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, ფედერაციული საბჭო საკონსტიტუციო ორგანო ხდება, საბჭოს საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების დანიშვნა ეძლევა. 

მედვედევს პუტინმა უშიშროების საბჭოს მოადგილის თანამდებობა შესთავაზა, პრემიერმინისტრის პოსტზე კი მიხაილ მიშუსტინის კანდიდატურა წამოაყენა, რომელსაც რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა.

53 წლის მიშუსტინი ფედერალურ საგადასახადო სამსახურს 2010 წლიდან ხელმძღვანელობდა. მანამდე ის კომპანია UFG group-ის პრეზიდენტი იყო - ეს ერთერთი მსხვილი კომპანიაა რუსეთში  აქტივების მართვისა და პირდაპირი ინვესტიციების სფეროში. საგადასახადო სამსახურში მუშაობა მიშუსტინმა 1998 წლიდან დაიწყო. მოგვიანებით კადასტრის ფედერალურ სააგენტოს ხელმძღვანელობდა, ასევე ხელმძღვანელობდა ეკონომიკური ზონების მართვის ფედერალურ სააგენტოს. მიშუსტინი რუსეთის ჰოკეის ფედერაციის, ასევე ჰოკეის კლუბ ЦСКА-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

კომენტარები