საქართველოს პარლამენტი

"იქნება ახალი ფილები" - კალაძე პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, დღეს პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.

მისი ინფორმაციით, "იქნება ახალი ფილები, მოწესრიგდება ფანტანები".

​კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ თუ არ ცდება, პროექტი გასული წლის "მაისში თუ ივნისში" შეიძინეს.

"დღეს ვიწყებთ პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მინდა ასევე ჩემს მოადგილეს, ქალბატონ სოფო ხუნწარიას დავავალო 9 აპრილის მემორიალის მოწესრიგებაც, რადგან ჩვენ დავიწყეთ ეს სამუშაოები. პროექტი ჩვენ, თუ არ ვცდები, გასული წლის მაისში თუ ივნისში შევიძინეთ და დღეს უკვე დავიწყეთ სამუშაოების უშუალოდ განხორციელება და ყველანაირად იქნება მოწესრიგებული იქ არსებული მდგომარეობა. ახალი ფილები, მოწესრიგდება ფანტანები, იქნება გამწვანებითი სამუშაოები წარმოებული და იქნება ერთ-ერთი ულამაზესი სივრცე, როდესაც დავამთავრებთ სამუშაოებს", - თქვა კახა კალაძემ.

მას არ უთქვამს, როდის დასრულდება სამუშაოები პარლამენტთან.

მერიაში კი ამბობენ, რომ სამუშაოებიდან გამომდინარე, რეაბილიტაციის პროცესში, დროებით
გადაიკეტება პარლამენტის მიმდებარე საფეხმავლო გზა.

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში აქციები იმართებოდა, შემდეგ კი მერიამ კარვები აიღო და ატრაქციონები ჩადგა, დღეს დილიდან შემოღობილია.

ცნობისთვის, ოპოზიციამ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დაწყებასთან ერთად, პიკეტების განახლება დააანონსა.

კომენტარები