ჩინეთი

ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა

Reuters

ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში, ხუპეის პროვინციის ქალაქ ვუხანში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. ამის შესახებ ვუხანის მერმა სახელმწიფო ტელევიზიაში განაცხადა.

20 იანვრის ეროვნული ჯანდაცვის საბჭოს მონაცემებით, ვირუსით დაავადებულთა რიცხვი 291-მდე გაიზარდა. აქედან 270 შემთხვევა ვუხანში დაფიქსირდა. 

ვირუსი პნევმონიას იწვევს, სიმპტომები მოიცავს სიცხეს და სუნთქვის გართულებას. დადასტურდა მისი ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შემთხვევები.

დღეს ჩინეთის ჭეძიანის პროვინციაში განაცხადეს, რომ ვირუსით დაავადებულთა ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა.

ახალი ვირუსით დაავადდა 15 სამედიცინო პერსონალი. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინეთის სამხრეთ კუანტუნის პროვინციაში ახალი ვირუსით 15 ადამიანი დაავადდა, პეკინში 5 და 2 შანხაიში.

გარდა ამისა, ვირუსის შემთხვევები უკვე ჩინეთის გარეთ, იაპონიაში, ტაილანდში და სამხრეთ კორეაშიც დაფიქსირდა. ჩინეთის ფარგლებს გარეთ ამ დროისათვის ვირუსით დაავადების 4 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ამ დრომდე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას გაფრთხილება და მოგზაურობაზე შეზღუდვის რეკომენდაცია არ გამოუცია. 22 იანვარს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია შეხვედრას გამართავს.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თქვა, რომ ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლა მთავრობის პრიორიტეტია.

ვირუსის გავრცელების საშიშროება განსაკუთრებით გაზრდილია, რადგან ჩინეთში მთვარის კალენდრით ახალ წელს აღნიშნავენ და ამისათვის ასობით მილიონი ადამიანი ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ მოგზაურობას აპირებს.

აშშ-მა ვუჰანიდან მომავალ ფრენებზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები და სპეციალური შემოწმება შემოიღო, რადგან ვირუსის პირველი შემთხვევები აქ დაფიქსირდა. ვირუსით დაავადების 217 შემთხვევიდან 198 სწორედ ვუჰანში დაფიქსირდა. ჩინეთის გარეთ დაფიქსირებულ ოთხივე შემთხვევაში ვირუსის მატარებელი ვუჰანიდან იყო ჩასული.

ვირუსის წარმომავლობა ჯერ არ დაუდგენიათ. ის კორონავირუსების იმავე ოჯახს მიეკუთვნება, რასაც მძიმე მწვავე რესპირატორული სიმდრომი (SARS), რომელმაც 2002-2003 წლებში მსოფლიოში 800-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაშინაც დაავადება პირველად ჩინეთში გავრცელდა. მაშინ ჩინეთის მთავრობამ ვირუსის გავრცელების დაფარვა სცადა და ეპიდემიის არსებობა მხოლოდ მას შემდეგ აღიარა, რაც გარდაცვალების შემთხვევები გაიზარდა. ახლა ჩინეთის მთავრობას მოუწოდებენ არ დაუშვას იგივე შეცდომა და ვირუსის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახადოს.

კომენტარები