ანრი ოხანაშვილი

ოხანაშვილი მუქარაში ბრალდებულზე: არ გამოვრიცხავ, რომ თვითდაზიანებები მიიყენოს

აიპრესი

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, იგი არ გამორიცხავს, რომ ვახტანგ რობაქიძე, რომელმაც მას ბაკურიანში, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მოქმედებდა შეკვეთით და ეს ინციდენტი პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო.

ოხანაშვილის თქმით, იგი იმასაც არ გამორიცხავს, რომ რობაქიძემ თვითდაზიანებები მიიყენოს და მასზე თავდასხმის ინსცენირება მოაწყოს.

"ამ ადამიანმა ზღაპრები მოუყვეს იმათ, ვინც დაარიგა. მე არ გამოვრიცხავ მისი ასეთი საქციელით, ნაცვლად იმისა, რომ მან მოინანიოს ეს ყველაფერი, რაც გააკეთა, რომ ის მოქმედებდა შეკვეთით და ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანმა თვითდაზიანებები მიიყენოს, ან მოაწყოს ინსცენირება მასზე თავდასხმის და შემდგომ ჩემსკენ გამოიშვიროს ხელი", - ამბობს ოხანაშვილი.

ანრი ოხანაშვილისადმი მუქარაში ბრალდებული ვახტანგ რობაქიძე პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს.

იგი იხსენებს მისი დაკავების შემდეგ პოლიციაში გადაყვანას, სადაც მასზე ერთერთმა პოლიციელმა იძალადა. როგორც რობაქიძე განმარტავს, მას პოლიციელმა მუცლის არეში დაარტყა.

გუშინ, 19 იანვარს, ვახტანგ რობაქიძეს, სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 7 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

ვახტანგ რობაქიძემ, რომელიც "ლელოს" წევრია, 14 იანვარს ბაკურიანის ერთ-ერთ კაფეში ანრი ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ის პოლიციამ დააკავა. მამუკა ხაზარაძემ დაადასტურა, რომ რობაქიძე "ლელოში" არის გაწევრიანებული. ხაზარაძის თქმით, 2012-17 წლებში რობაქიძე ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის ლიდერი იყო.

კომენტარები